რატომ ცდილობს სანდრა რულოვსი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას – ზუგდიდის მერია მერობის კანდიდატს სიცრუეში ადანაშაულებს
მოსახლეობის შეცდომაში უნებლიეთ შეყვანა თუ ამომრჩევლის განგებ მოტყუება – გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა საარჩევნო შეხვედრების ფარგლებში მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. სანდრა ელისაბედ რულოვსმა ერთ-ერთ საარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები მინიმალურად ფინანსდება და მან კონკრეტული ციფრიც დაასახელა.
„გვინდა, რომ ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებზე ბევრად მეტი თანხა დაიხარჯოს, ვიდრე დღეს. დღეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანდაცვის საკითხებზე მხოლოდ 9 პროცენტი იხარჯება, ეს მაშინ, როდესაც მერიაში მოსახლეობისგან შესული განცხადებების 60 პროცენტი სწორედ ამ საკითხებს ეხება. ეს უნდა გამოვასწორო“, – განაცხადა რულოვსმა.
აღნიშნულ საკითხზე „კვირამ“კომენტარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას სთხოვა. უწყების ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის უფროსის ნინო სულუხიას განცხადებით, დღეს 50-მდე სოციალური და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, გასულ წლებთან შედარებით კი ბიუჯეტიც საგრძნობლად გაზრდილია.
“2012 წელს სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბიუჯეტი შეადგენდა 1 453 200 ლარს, ხოლო 2019 წელს, ბიუჯეტმა 3 163 200 ლარი შეადგინა, ანუ წინა წლებთან შედარებით ბიუჯეტი 2.2-ჯერ გაზრდილია. რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამებს, დღეს ხორციელდება მოსახლეობის კვებითი უზრუნველყოფის, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის, ხანდაზმულთა, მარტოხელა მოხუცების შინმოვლისა და სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების მხარდაჭერის, მარჩენალდაკარგულთა დახმარების, პროექტების თანადაფინანსების, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის, სოციალური საცხოვრისების და ა. შ. პროგრამები.
რაც შეეხება ჯანდაცვას, დღეს ტარდება ძვირადღირებული გამოკვლებები, ხორციელდება სტაციონალური სამედიცინო მომსახურების, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამები, ასევე მოსახლეობისთვის ხდება ძვირადღირებული მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ხელმისაწვდომია ონკოლოგიური დაავადებების უფასო სკრინინგის და ა შ.
გარდა ამისა, ჩვენი პროგრამების ბიუჯეტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით, არასამთავრობო სექტორთან ერთად, ჩვენ ვახორციელებთ ერთობლივ პროგრამებს და მათი ბიუჯეტიც ემატება თვითმმართველობის ამ ძირითად ბიუჯეტს”, – განაცხადა ნინო სულუხიამ.