კახეთში სტიქიამ პრობლემები შექმნა
წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.
გზა მდინარე ალაზნის წყლის დონის მომატების გამო დაიტბორა. წყლის დონე საავტომობილო მაგისტრალზე ერთ მეტრს აღწევს. მაშველები წყალში ჩარჩენილი ავტომობილების გამოყვანას ცდილობენ.
სტიქიის შედეგად დატბორილია ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, განადგურებულია სავარგულები.
როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიდან, ეზოებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი, მილხიდებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები.
“მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში ჩართულნი არიან დაზიანებული ტერიტორიების შესწავლასა და დაზარალებული ოჯახების დახმარების აღმოჩენაში. სალიკვიდაციო სამუშაოებში, ადგილობრივი და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებთან ერთად, მობილიზებული არიან რეგიონული სახანძრო-სამაშველო და სამელიორაციო სამსახურების ჯგუფები”, – აცხადებენ მერიაში.