„ახალგაზრდა ადვოკატები“: კომპანია „ნანოკრედიტი“ გაკოტრების რეჟიმზე გადავიდა და 20-ზე მეტი თამასუქარის თანხის დაბრუნება გაურკვეველია  

2019 წლის 3 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა კომპანია „ნანოკრედიტის“ თამასუქარის სარჩელი და კომპანიას დაეკისრა თამასუქის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულება 12 000 აშშ დოლარის, ასევე ყოველთვიურად დავალიანების სახით არსებული სარგებლი 150 აშშ დოლარის გადახდა.

როგორც ,,კვირას” ,,ახალგზარდა ადვოკატებიდან” აცნობეს,  სასამართლომ დააკმაყოფილა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობა, სასამართლო და სასამართლო გარეშე ხარჯების კომპანიისთვის დაკისრების მოთხოვნა.

,,ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოებები, რა დროსაც კომპანიასთან 2017 წლის 26 ოქტომბერს გაფორმდა პროცენტიანი მარტივი „ნანო თამასუქის” შეძენის ხელშეკრულება. თამასუქის განაღდება, ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებელი გახლდათ თამასუქის შემძენი პირისთვის გადაცემიდან 12 თვის შემდეგ. თამასუქის ღირებულების მოსარჩელის მიმართ სრული გადახდა უნდა მომხდარიყო 2018 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით. კომპანიამ მოსარჩელეს არ გადაუხადა ძირითადი თანხა და ხელშეკრულების შესრულების ბოლო თვეს, არც ყოველთვიური სარგებელი. 2019 წლის იანვარში, კომპანიის უფლებამოსილ პირებთან კომუნიკაციის შემდგომ ცნობილი გახდა კომპანიის ფაქტობრივი გარემოება – მისი რთული ფინანსური მდგომარეობა, რომელიც მიმართულია ვალდებულებების შეუსრულებლობისკენ. 2019 წლის 3 მაისის სასამართლო სხდომაზე, კომპანიის წარმომადგენელმა, ირაკლი კაპანაძემ განაცხადა, რომ „ნანოკრედიტი“ კრედიტორების წინაშე ვეღარ ასრულებს ფინანსურ ვალდებულებებს და თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია „ნანოკრედიტის“ საქმის გაკოტრების დაწყების შესახებ განცხადება. მისივე ინფორმაციით, სასამართლომ მიიღო განჩინება საქმეზე ხარვეზის დადგენის თაობაზე, რაც კომპანიის მხრიდან აღმოფხვრილ იქნა 2019 წლის 2 მაისის მდგომარეობით.

 „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ნანოკრედიტის“ თამასუქარებთან დაკავშირებით პირველი განცხადება 2019 წლის 4 თებერვალს გააკეთა და საქართველოს ეროვნული ბანკიდან მოითხოვა შესაბამისი რეაგირების განხორციელება, თუმცა სებ-მა კომპანიასთან საზედამხედველო უფლებამოისლება გამორიცხა. 2019 წლის იანვარში, კომპანიის არაერთი თამასუქის მფლობელი მოქალაქე ორგანიზაციას დაუკავშირდა და განუცხადა, რომ 2018 წლის ოქტომბრიდან „ნანოკრედიტმა“, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, შეწყვიტა განთავსებულ თანხებზე პროცენტის თანხის დარიცხვა და არც ვადამოსული თამასუქის ანაზღაურება მოუხდენია. ორგანიზაციამ შეისწავლა წარმოდგენილი ხელშეკრულებები, არსებული მდგომარეობა და აღნიშნა, რომ კომპანია ხდებოდა გადახდისუუნარო. დადგენილია, რომ კომპანია „ნანოკრედიტი“ ქართულ საფინანსო ბაზარზე 2013 წლის 28 ნოემბრიდან ფუნქციონირებს. მეწარმეთა და არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, ირაკლი ბერძენაძეა, რომელმაც, კომპანიის კრედიტორთა გადმოცემით, საქართველო დატოვა და ამჟამად უცნობია კონკრეტული ადგილსამყოფელი. დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამჟამად მიმდინარეობს საგამოძოებო მოქმედებები და კომპანიიდან ამოღებულია ცალკეული დოკუმენტაცია.

 „ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ კომპანიის 20-ზე მეტი თამასუქარი განთავსებული სახსრების დაკარგვის წინაშე აღმოჩნდა. ხელშეკრულებების ნაწილი – ვადამოსულია, ნაწილი კი წარმოადგენს ბლოკირებულ თამასუქს, კომპანიის მოძრავი და უძრავი ქონების თაობაზე ინფორმაცია კი – უცნობია. ორგანიზაცია გაეცნო მომხმარებლებთან კომპანიის მხრიდან 2018 წელს დადებულ ხელშეკრულებებსაც, რომლის დათქმები და პირობებიც, კაბალურია და განთავსებული თანხების დაკარგვის შესაძლებლობაზე მიუთითებდა. კერძოდ, პროცენტიანი მარტივი – „ნანო თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულებების მე-8 მუხლის 8.9 ქვეპუნქტი შეიცავდა მომხმარებლის მიმართ შემდეგ შინაარსის პირობას და შეტყობინებას: „ნანოკრედიტი“ არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განსხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. ფინანსური ინსტიტუტის გაკოტრების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით თქვენ ადასტურებთ, რომ აცნობიერებთ „ნანოკრედიტში“ სახსრების განთავსებასთან დაკავშირებულ რისკებს“. – ნათქვამია ,,ახალგაზრდა ადვოკატების” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები