კახა მიქაია: მხარს ვუჭერ გეგა შენგელიას, მას პოლიტიკური წარსული არ ამძიმებს
,,დაიცავი საქართველოს” ყოფილი ლიდერი ლიდერი კახა მიქაია ზუგდიდის მერობის კანდიდატს, გეგა შენგელიას უჭერს მხარს. როგორც მან ,,კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის მეტამორფოზის არ სჯერა.
,,მე მხარს ვუჭერ გეგა შენგელიას კანდიდატურას, გეგა არის ძალიან პატიოსანი ადამიანი, კარგია, რომ მას არ ამძიმებს პოლიტიკური წარსული, არის ძალიან ნორმალური ახალგაზრდა კაცი, რომელიც მოტივირებულია, რომ კარგი საქმეები აკეთოს თავისი ქალაქისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, მე ვოპონირებ ,,ქართულ ოცნებასთან” და ,,ნაციონალურ მოძრაობასთან”, ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ არ ვარ ოპონენტი ჩემი ქალაქის, ჩემი კუთხის. ამიტომ მე ვხედავ იმ საშიშროებას და საფრთხეს, რომ სანდრა რულოვსის გამარჯვების შემთხვევაში სამეგრელოში პარტია დაიწყებს, პირდაპირ გეტყვით, ქვეყნის ხელმეორე ოკუპაციას. მე არ მჯერა მიხეილ სააკაშვილის და არც ნაციონალური მოძრაობის მეტამორფოზის, არ მჯერა მათი მონანიების, მე არ მჯერა მათი გაკეთილშობილების, ამიტომ რეალურად ვაფასებ სიტუაციას. რადგან ორი ძირითადი კანდიდატია, სანდრა რულოვსი და გეგა შენგელია, მე მხარს ვუჭერ გეგა შენგელიას, იმიტომ, რომ არ მოხდეს ის, რაც უკვე გითხარით.
რაც შეეხება თავად გეგას, მე ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ, რომ სანდრა რულოვსი არ გახდეს ზუგდიდის მერი და გეგამ მოიგოს არჩევნები,”- განაცხადა კახა მიქაიამ.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს და არჩევნების ევროპულ დონეზე ჩატარდება.
,,წინასაარჩევნო კამპანია ნორმალურად მიმდინარეობს, მე ვერ ვხედავ რაიმე პრობლემას. თუ ნაციონალები ფიქრობენ და ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ ამ სიტუაციას და საზოგადოებას ამცნონ, რომ თითქოს ზეწოლაა და მთელი ამბები, აქ ასეთს მე ვერაფერს ვხედავ და მემგონი არც არის მოსალოდნელი. ზუგდიდში არჩევნები ჩატარდება ნორმალურად, ევროპულ დონეზე და კიდევ იმედი მაქვს, რომ ჩემი თანაქალაქელები გაათვიცნობიერებენ იმ საფრთხეს, რაც შეიძლება მოჰყვეს სანდრა რულოვსის მერად არჩევას და ხმას მისცემენ ბატონ გეგა შენგელიას,”-აღნიშნა მიქაიამ.
კახა მიქაიას განცხადებით, მას სჯერა ზუგდიდელი ხალხის, ასევე, გეგა შენგელია არასოდეს ყოფილა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, პატივს სცემენ ზუგდიდში და თავისი პატიოსნებით აუცილებლად მოიპოვებს გამარჯვებას.
,,გეგას პატივს სცემენ ზუგდიდში და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ გეგა თავისი პატიოსნებით, თავისი ინტელექტითაც და თავისი მოტივაციით შეძლებს ზუგდიდელების მობილიზებას და დაამტკიცებს ზუგდიდელების წინაშე, რომ ის იქნება კარგი მერი. მე ამისი დიდი სურვილიცა მაქვს და იმედიც.
მე ვერ დავეთანხმები ნაციონალების პიარს, რომ სანდრა რულოვსი აუცილებლად გაიმარჯვებს და სანდრა რულოვსი უფრო წონადია, ვიდრე გეგა შენგელია. პირიქით ვფიქრობ, ზუგდიდის საზოგადოება დარწმუნებული ვარ, რომ სწორ არჩევანს გააკეთებს და სანდრა რულოვსი ვერ გახდება ზუგდიდის მერი,”- განაცხადა მიქაიამ.
კახა მიქაია ანაკლიის პორტის თემასაც შეეხო. მისი თქმით ნაციონალები და სანდრა რულოვსი არ არიან მოტივირებულნი, რომ პორტის პრობლემას მიხედონ.
,,პირდაპირ გეუბნებით, არ არის ნაციონალები და სანდრა რულოვსი იმისთვის მოტივირებულნი, რომ ზუგდიდის პრობლემებს მიხედონ და პირველ რიგში, პორტის პრობლემას. ნაციონალები აქ ამზადებენ სააკაშვილს, სანდრას კალთას ამოფარებული სააკაშვილი, აქ ამზადებს პოლიგონს იმისთვის, რომ არეულობა დაიწყოს საქართველოში და ხელმეორედ მოხდეს ქვეყნის ოკუპაცია მის მიერ. ზუგდიდის პრობლემებზე მოფიქრალი სანდრა და შეწუხებული სანდრა ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ეს არის დიდი ტყუილი, რომ ანაკლიის პორტი შეჩერდა. ანაკლიის პორტი აუცილებლად გაგრძელდება,” – განაცხადა კახა მიქაიამ.