გიორგი გოგლიჩიძე: ერთად ჩვენ ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ
“ქართული ოცნების” ზესტაფონის მერობის კანდიდატი დღეს გორგასლის და ნიკოლაძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა და მათ თავისი სამომავლო გეგმები გააცნო.
,,მთავარია, გაკეთდეს საქმე და თითოეულმა თქვენგანმა იგრძნოს ეს სიკეთე. მიმდინარე წელს, 70-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება ზესტაფონში და მათ შორის იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც, თქვენი უბნის გზები და რამდენიმე ჩიხი. როცა ვხვდები ხალხს, ყოველთვის ვამბობ, რომ თქვენ თავისუფლები ხართ თქვენს არჩევანში და თქვენ უკეთ იცით, რა და როდის გჭირდებათ. ამიტომ უნდა იაქტიუროთ და თქვენი ჩართულობა ყველა დონეზე დააფიქსიროთ. ეტაპობრივად გავაკეთებთ ყველაფერს. ერთმანეთს ილუზიები არ უნდა შევუქმნათ, მხოლოდ რეალურზე დავკონკრეტდეთ. თუ ჩემი არჩევა მოხდება, მერია, თქვენი მაჟორიტარი და საკრებულო იქნება თქვენი პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული. თქვენ დაინახავთ, როგორი აღმშენებლობა დაიწყება ზესტაფონში ივნის-ივლისიდან”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.
შეხვედრის მონაწილეთა იმ ნაწილმა, რომელთაც წყალმომარაგების პრობლემა აქვთ, მერობის კანდიდატს დახმარება სთხოვა. გიორგი გოგლიჩიძე, მერად არჩევის შემთხვევაში, არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
,,ადგილობრივების ძირითადი პრობლემა არის უწყლობა. მათ მივაწოდე ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია და დაახლოებით 7-8 თვეში აქ მცხოვრები ოჯახები მიიღებენ წყალს გორგასლის ქუჩაზე. ასევე, ითხოვენ ბიბლიოთეკის შენობის კეთილმოწყობას. მე მათ დავპირდი, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში, ეს საკითხი მოგვარდება. იყო ძალიან თბილი შეხვედრა, მე მათ მისურვეს წარმატებები. ჩემი გამარჯვება 19 მაისს იქნება მთელი ზესტაფონის გამარჯვება. ერთად ჩვენ ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ ”, – აღნიშნა შეხვედრის დასასრულს მერობის კანდიდატმა.