ლევან დავითაშვილი საქართველოში პირველი ბიოდიზელის მწარმოებელი კომპანიის საქმიანობას გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბიოდიზელის საწარმოს – “Biodiesel Georgia” საქმიანობას გაეცნო. კომპანიამ ბიოსაწვავის წარმოება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ლევან დავითაშვილმა, ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის აღმოსაფხვრელად ბიოდიზელის მოხმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიო-საწვავი ურბანული გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შესანიშნავი საშუალებაა.
„საქართველოში ბიოდიზელის წარმოების პირველი საწარმო შეიქმნა. ძალიან საინტერესო ტექნოლოგიაა, რომელიც ითვალისწინებს უნარჩენო წარმოებას. საწარმოს აქვს მნიშვნელოვანი გეგმები, მათ შორის, სოფლის მეურნეობაში. კერძოდ, საუბარია ახალი კულტურის რაფსის წარმოებაზე, რაც ვფიქრობ, საინტერესო მიმართულებაა, რომელიც ევროპულ ტენდენციებთან თანხვედრაშია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც კომპანიის ექსპერტი კახა ქარჩხაძე აცხადებს, ბიოსაწვავის გამოყენებით, ატმოსფეროში არ იზრდება ნახშირორაჟანგის კონცენტრაცია, მას წარმატებით შეუძლია ჩაანაცვლოს ნავთობდიზელის გამოყენება ნებისმიერ სფეროში. ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. შეიქმნა განახლებადი, ალტერნატიული, სუფთა ენერგიის წარმოების ქარხანა. ბიოდიზელს თავისუფლად შეუძლია, გამოყენებული იქნას ყველა იმ სეგმენტში, სადაც ნავთობდიზელი გამოიყენება. ჩვენი ნედლეული არის განახლებადი რესურსი, ანუ მეორადი მოხმარებული ზეთის შეგროვებით ეკომეგობრულ საწვავს ვამზადებთ. ასევე, გვსურს განვავითაროთ ისეთი შესანიშნავი ბიორესურსი, როგორიც არის მცენარე რაპსი, ამით ახალი იმპულსს მივცეთ სოფლის მეურნეობაში ახალი დარგის განვითარებას“, – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტმა, განახლებადი ენერგიების განვითარების დარგში.
ცნობისათვის, ბიოდიზელის საწარმოს – “Biodiesel Georgia”-ს საინვესტიციო მოცულობამ 1 მლნ ლარი შეადგინა, დასაქმდა 30 ადამიანი, წარმოების დაწყებიდან დღემდე, გადამუშავდა თითქმის 200 000 ლ მოხმარებული საკვები ზეთი, საიდანაც მიღებულია 190 000 ლ. ბიოსაწვავი. აღსანიშნავია, რომ წარმოებული ბიოსაწვავის შედეგად, დაიზოგა 500 ტონაზე მეტი CO2-ის ემისია ატმოსფეროში.
მსოფლიოში კარგად აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად, კომპანია “Biodiesel Georgia”-მ, საწყის ეტაპზე, საქართველოს ორ რეგიონში დაიწყო რაპსის კულტურის განვითარება. პარტნიორ კომპანიებთან – „ლომთაგორა“ და „აჭარა ჯგუფთან“ ერთად, ქვემო ქართლსა და კახეთში 50 ჰა ფართობზე საგაზაფხულო რაპსი დაითესა. პროექტის წარმატებით ტესტირების შემდეგ, დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში მისი განვრცობა. მოყვანილი პროდუქციიდან იწარმოება ზეთი და მისგან ბიოდიზელი დამზადდება, ხოლო ნარჩენის გამოყენება კომბინირებულ საკვებში მოხდება.
2020-2023 წლებში კომპანია “Biodiesel Georgia”-ს დაგეგმილი აქვს უფრო მასშტაბური ბიოდიზელის ქარხნის მშენებლობა, რომლის საინვესტიციო მოცულობაც 10 მლნ ევრო იქნება, ხოლო დასაქმებულთა ოდენობა 200 ადამიანს მიაღწევს.