ადვოკატი: დავით ბაგრატიონი გამოკითხვაზე მომავალ კვირაში გამოცხადდება

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს-ს მთავარ სამმართველოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს.

აღნიშნული ინფორმაცია „კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ამასთან, უწყებაში არ აკონკრეტებენ, ბაგრატიონს საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებასთან დაკავშირებით უწყება როდის გაეგზავნა.
ამ საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს, ლევან მახარობლიშვილს დაუკავშირდა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი გამოკითხვაზე მომავალ კვირაში გამოცხადდება.

ამასთან, აღსანიშნია, რომ ლევან მახარობლიშვილმა თავდაპირველად უარყო ინფორმაცია, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ესპანეთიდან თბილისში ჩამოვიდა.

უფრო მეტიც, ადვოკატი აცხადებდა, რომ იგი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ბოლოს აღდგომის დღესასწაულებზე ესაუბრა და ის საქართველოში ჩამოსვლას 10 მაისამდე გეგმავდა.

მისივე განმარტებით, ინფორმაცია, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თბილისში იმყოფება, ჟურნალისტებისგან შეიტყო.

თუმცა, მოგვიანებით აღნიშნა, რომ მისი კლიენტი თბილისში იმყოფება და გამოკითხვაზე მომავალ კვირას ნებაყოფლობით გამოცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები