“სუს-ი ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების, აღკვეთისა და მათგან მომდინარე შედეგების განეიტრალების მიმართულებითაც”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში უწყების 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ჰიბრიდულ საფრთხეებზეც ისაუბრა. მისი თქმით, უწყება ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებდა აღნიშნულ საფრხთეებთან გამკლავების, აღკვეთისა და მათგან მომდინარე შედეგების განეიტრალების მიმართულებითაც.
“2018 წელს სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობა მიმართული იყო უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობისა და დაინტერესების სფეროების დადგენისაკენ. ტარდებოდა შესაბამისი კონტრდაზვერვითი ღონისძიებები აღნიშნული სპეცსამსახურების მხრიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების, პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით.
საანგარიშო პერიოდში, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა; დესტაბილიზაციისა და არეულობის ცალკეული კერების შექმნის, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა.
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა სხვადასხვა აქტორის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები.
„ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას; მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას; საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან; ჩვენი ქვეყნის, როგორც დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს იმიჯის შელახვას და სხვა.
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, მათი მხრიდან ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე – მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება. პერმანენტულად მიმდინარეობდა დეზინფორმაციული კამპანიების წარმოება, რომლის ფარგლებშიც ყალბი ახალი ამბებითა და ფაქტების დამახინჯებით ხდებოდა მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საანგარიშო პერიოდში, ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების, აღკვეთის, ასევე – მათგან მომდინარე შედეგების განეიტრალების მიმართულებით.
2018 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობებს. აღნიშნული რეგიონებიდან მომდინარეობდა პროვოკაციული და დესტრუქციული ხასიათის ქმედებების ინსპირირებისა და დესტაბილიზაციის კერების შექმნის საფრთხე”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები