“სუს-ი იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებები დადგინდეს” (ვიდეო)

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა მოხდეს ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა”, – ამის შესახებ სუს-ის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში უწყების 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გამოყენებული იქნება ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს.
“გასულ წელს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის უაღრესად მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებით საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიმართულებით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა.
ოკუპაციის მძიმე შედეგს წარმოადგენს 2019 წლის 10 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული და მოგვიანებით გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმე.
უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა მოხდეს კვარაცხელიას დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე.
2018 წელს გამოიკვეთა რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ მართული სახიფათო ტენდენცია, რაც IPRM-ის შეხვედრებისთვის პრობლემების მიზანმიმართულად შექმნაში გამოიხატებოდა. დე ფაქტო რეჟიმებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრების დღის წესრიგიდან, ულტიმატუმის სახით, ოთხოზორიას, ტატუნაშვილისა და ბაშარულის საკითხების ამოღება მოითხოვეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ, მათ IPRM-ის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. შედეგად, 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ გალის შეხვედრები კვლავ შეწყვეტილია. შესაბამის უწყებებთან ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) დახმარებით, 2-თვიანი პაუზის შემდეგ აღდგა შეხვედრები ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური IPRM-ის შეხვედრებს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად განიხილავს. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული შეხვედრებისა და მისი ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ იქნება მიმართული, სამსახურის მიერ აღიქმება მიზანმიმართულ პროვოკაციად.
უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), გაერო-ს, ევროსაბჭოს, ეუთო-სა და “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობებთან”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები