სანდრა რულოვსმა სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა ელისაბედ რულოვსმა სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა. რულოვსმა მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან მტრისთვის გადაცემული პირადი ინფორმაცია ქართველ მებრძოლებზე დაუშვებელია. თუმცა ჟურნალსიტის კითხვაზე, რაიმე კონკრეტული ფაქტი ხომ არ იცის ამასთან დაკავშირებით და რომელიმე სამხედროს მიადგა თუ არა ზიანი, რულოვსმა კონკრეტული ფაქტები და სამხედროები ვერ დაასახელა.
“საქართველოს არმიის ვეტერანებთან ერთად, ვულოცავ მოქმედ სამხედროებს და ვეტერანებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების დღეს.
ჩვენმა სამხედროებმა, 2008 წელს, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაიცვეს. ისინი საქართველოს ასახელებენ საერთაშორისო მისიებში და იმსახურებენ განსაკუთრებულ მადლობას თითოეული ჩვენგანისგან, სახელმწიფოსგან კი დაფასებას. მოქმედი ხელისუფლება ერთის მხრივ თითქოს ზრუნავს ჩვენს ვეტერანებზე, ჰპირდება ბინებს, მეორეს მხრივ მტერს აწვდის პირად ინფორმაციას ქართველ მებრძოლებზე, რომლებმაც საქართველოსთვის და უკრაინისთვის იბრძოლეს და უკრაინელებზეც, რომლებიც 2008 წელს დაგვეხმარნენ. ეს დაუშვებელია!”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.