„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედროებმა თავდაცვის ძალების დღე ქაბულში აღნიშნეს (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლის იუბილე ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედროებმა ქაბულში აღნიშნეს. ავღანეთში თავდაცვის ძალების სამხედრო წარმომადგენლობის ორგანიზებით ბაზა HKIA-ზე მარათონი და ოფიციალური მიღება გაიმართა.
სპორტულ ღონისძიებაში ავღანეთში დისლოცირებული ყველა ქვედანაყოფის წარმომადგენელი, ასევე, ბაზა HKIA-ზე მყოფი სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთნენ. მოგვიანებით კი, თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა ბაზაზე დისლოცირებულ მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლა.
„ბაზა HKIA-ს მეთაურმა, თურქეთის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალმა – ჰუსეინ ქამბურმა ქართველ სამხედროებს პირადად მიულოცა პროფესიული დღე და საქართველოს სამხედრო წარმომადგენლობის წევრებს ნატო-ს მისიის მედლები გადასცა. ღონისძიების დასასრულ, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა თავდაცვის ძალების 5 სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა“,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.