„ახალგაზრდა ადვოკატები“: უზენაესმა სასამართლომ მელტონიანების საქმე არსებითი განხილვისთვის დაუშვა და გადაწყვეტილებაზე მსჯელობს

0

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის განჩინებით, მელტონიანების საქმემ დასაშვებობის ეტაპი გადალახა და სასამართლო საკასაციო საჩივრით წარდგენილ ფაქტებზე, მხარეთა დასწრების გარეშე, ამჟამად მიმდინარე სხდომაზე მსჯელობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

ამასთან, მათივე ცნობით, სასამართლომ საქმეს ახალ მასალად დაურთო ორგანიზაციის მიერ გამოცემული კვლევა, რომელიც 12 აპრილს გამოქვეყნდა, სადაც ცალკე მსჯელობის საგანი გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართ წარდგენილი რეკომენდაცია.

„სასამართლოს დასაშვებად უნდა ეცნო მელტონიანების საკასაციო საჩივრები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-წ მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ვინაიდან საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება და სააპელაციო სასამართლოს მხრიდან შესაძლოა საქმეები განხილულია მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2016 წლის ივლისში, წალკაში მომხდარ გახმაურებულ დანაშაულზე სამართლებრივი კვლევის შედეგები წარმოადგინეს და სამართალწარმოების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე სარეკომენდაციო წინადადებით სასამართლოსთან ერთად, მთავარ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველს მიმართეს.

„ორგანიზაციის კვლევა ეხება მოვლენებს, თუ რატომ დაიჭირეს 2016 წელს და რამდენად სამართლიანად იხდის სასჯელს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და წალკის ყოფილი დეპუტატი აიკ მელტონიანი, იქნა თუ არა დანაშაულის არასწორი კვალიფიკაციისთვის გამოყენებული წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატის სამსონ თამარიანის გავლენები, რა სამართლებრივი პრეტენზიები იკვეთება პროკურატურის და სასამართლოს მიმართ, რამდენად შეძლო სახელმწიფომ დაეცვა სიცოცხლის უფლება და აქვს თუ არა შურისძიებით ჩადენილ დანაშაულს პოლიტიკურ უთანხმოებებთან კავშირი. საქმის მასალებით დგინდება, რომ მელტონიანებისა და თამარიანების ოჯახები ერთმანეთის ნათესავებია, მაგრამ მათ შორის კონფლიქტი, მათ შორის პოლიტიკური შეხედულებების გამო, მრავალი წელია ჩამოყალიბდა, რამაც განსაკუთრებული სიმძაფრე მმართველი პარტიის მხრიდან სამსონ თამარიანის მხარდაჭერის შემდგომ შეიძინა.

ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, 2016 წლის 30 ივლისს, სამსონ თამარიანის შვილმა, ოჯახებს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით მოკლა აიკ მელტონიანის ძმიშვილი. მოწმეები მიუთითებენ, თუ როგორ დაძრა სამსონ თამარიანის ძმამ მანქანა და წავიდა ძირს დაცემული, აიკ მელტონიანის შემდგომში გარდაცვლილი ძმისშვილისა და მასთან საშველად მისული პირების მიმართულებით, რა დროსაც ისმის აიკ მელტონიანის შვილის ხმა: „მამა მიშველე“. ადგილზე შექმნილი ამ მძიმე ვითარების კვალდაკვალ, აიკ მელტონიანი სამსონ თამარიანის ძმის მიმართულებით ისვრის, რის შემდგომაც, საფრთხე ნეიტრალდება და მანქანა მიმართულებას იცვლის. ორგანიზაცია ყურადღებას მიაქცევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას იმის შესახებ, რომ აიკ მელტონიანმა, რა დროსაც განახორციელა გასროლები სამსონ თამარიანის ძმის მიმართულებით, არ ჰქონდა უკიდურესი აუცილებლობა,  თამარიანის ქმედებით არ ემუქრებოდა საფრთხე მის შვილს ან სხვათა სიცოცხლეს, რის გამოც, მას ვერ გაუჩნდებოდა თავდაცვის სურვილი. დანაშაულის ჩადენამდე, მოხდა კიდევ ერთი დანაშაული. კერძოდ, სამსონ თამარიანმა სცადა აიკ მელტონიანის შვილზე მანქანის დაჯახება და მოახერხა ფეხზე გადავლა. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლომ, გამოირცხა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ხოლო ამჟამად განხილვის პროცესშია საქართველოს უზენაესს სასამართლოში“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

საქმეს მოსამართლეები: გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი