“გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ არის შესაძლებელი სამშვიდობო პოლიტიკის გამოყენებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”

0

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არის ინიცირებული, რომელსაც ოპოზიციის მხარდაჭერაც ჰქონდა. აქ კითხვის ნიშნები არ არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებულ ანგარიშთან – „კონფლიქტი საქართველოში“ დაკავშირებით განაცხადა.
მისივე განმარტებით, მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, თუ როგორ არის შესაძლებელი სამშვიდობო პოლიტიკის გამოყენებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
„გვაქვს კონკრეტული გეგმა, ხედვა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, თუ როგორ არის შესაძლებელი სამშვიდობო პოლიტიკის გამოყენებით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სხვა ალტერნატივა, პრაქტიკულად, არ ჩანს და არც საერთაშორისო საზოგადოება უჭერს მხარს, გარდა მშვიდობიანი გზით ამ საკითხის დარეგულირებისა. ჩვენ გვაქვს ხედვა და შეთავაზება ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ. ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა მცირდება და სულ უფრო მეტად იზრდება რუსეთის მხრიდან ხელოვნური ჩარევა, რაზეც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თვითონ აფხაზებსაც ძალიან სერიოზული პროტესტი აქვთ. ერთადერთი გზა მომავლისკენ არის ის, რასაც ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს ვთავაზობთ. ეს არის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ეკონომიკური, სოციალური, ასევე – საგანმანათლებლო და ბიზნესის კეთების შესაძლებლობების გაზიარება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისათვის, ევროპის საბჭომ გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ დაამტკიცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირმა საკუთარ განცხადებაში სინანული გამოთქვა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღის წესრიგის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო; გამოთქვა წუხილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ნაწილების არალეგალური ყოფნისა და სამხედრო წვრთნების ზრდის ტენდენციაზე, მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვებზე.

კომენტარები

კომენტარი