ვლადიმერ კონსტანტინიდი დავით გარეჯზე: აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადის შეზღუდვა

0

„აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადის შეზღუდვა, საკითხის გადაწყვეტას გარკვეული დრო სჭირდება“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან დავით გარეჯის ტერიტორიაზე უდაბნოს მონასტრის გადაკეტვის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
ვლადიმერ კონსტანტინიდი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ყველამ ემოციური ქმედებებისა და განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს. კონსტანტინიდი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანული მხარე საკითხს გაგებით და კონსტრუქციულად მოეკიდება.
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან განხორციელდა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადის შეზღუდვა. ამის შესახებ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე საზღვრის დაცვის შესაბამისმა სამსახურმა მივმართეთ და აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს და საკითხის დარეგულირებაზე ვმუშაობთ, რათა შეუფერხებლად მოხდეს პილიგრიმების, ტურისტების, მრევლის გადაადგილება. მინდა გითხრათ, რომ კომუნიკაცია მიმდინარეობს ძალიან პარტნიორულ ატმოსფეროში, თუმცა ვიცით, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტას გარკვეული დრო სჭირდება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავს სიტუაციებში მიზანშეწონილია, თავი შევიკავოთ ემოციური ქმედებების, ან განცხადებებისგან, რადგან ეს პროცესს არ წაადგება და ხელს შეუშლის. იცით, რომ ჩვენ პერმანენტულად ვითხოვთ მოცემულ მონაკვეთსა და საზღვრის მთელ პერიმეტრზე ჩვენი ინტერესების გათვალისწინებას. იმედი გვაქვს, რომ აზერბაიჯანული მხარე საკითხს გაგებით და კონსტრუქციულად მოეკიდება”, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
ცნობისთვის, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში არ უშვებენ.

კომენტარები

კომენტარი