სასამართლომ გეორგ სარქისიანის განზრახ მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში 22 წლის გეორგ სარქისიანის განზრახ მკვლელობის საქმეზე განხილვა დაასრულა და ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
„კვირა“ სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა გ.ს.-ს ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე.
საქმე ეხება 2018 წლის 12 ივლისს ქ. თბილისში ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას, რა დროსაც ბრალდებულებმა დაზარალებულს, განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა არეში დანებით 19 ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა – ს.მ.-მ და რ.კ.-მ თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ბრალდებული ე.მ. დღემდე მიმალვაშია. სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზების დასკვნებისა და სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულთა მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
სასამართლომ ბრალდებულ ე.მ.-ს, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღების ტარებისათვის, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 17 წლით აღკვეთა შეუფარდა.
ბრალდებულებს-ს.მ.-ს და რ.კ.-ს, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის თავისუფლების 15-15 წლით აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვისათვის ბრალდებულებს: გ.კ.-ს, რ.დ.-სა და უ.მ.-ს, რომლებმაც თავი დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში, თითოეულს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1-1 წლის ვადით“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები