ვახტანგ ბერიძე: გპირდებით, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს განვახორციელებთ ხულოში

“ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. ვახტანგ ბერიძე ბოძაურის, დიდი რიყეთის, რიყეთის, შუა სოფლისა და დანისპარაულის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრისას ამომრჩეველმა მერობის კანდიდატს საჩუქრად საკუთარი შემოქმედებიდან კრებული გადასცა და გამარჯვება უსურვა. შეხვედრებზე მოსახლეობამ მმართველი პარტიის კანდიდატს ის პრობელემები გააცნო, რაც სოფლებშია და ადგილობრივებს აწუხებთ. ვახტანგ ბერიძე, გამარჯვების შემთხვევაში, არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა. მერობის კანდიდატმა ყურადღება კურორტ გოდერძის ფუნქციონირებაზეც გაამახვილა. მან ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენში პირველ ნომრად რეგისტრირებულ ვახტანგ ბერიძის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, თქვენ წინაშე ვიდგე, როგორც მერობის კანდიდატი, თუმცა, ამავდროულად, ვფიქრობ, ხომ ხულოს მერობა არაა თანამდებობა – უფრო პასუხისმგებლობა და ღვთის წყალობაა, ემსახურო საკუთარ ხალხს, როგორც შეგეძლება. ჩვენ შორის სიყვარული უნდა გავაორმაგოთ. მე არ მინდა, ძალიან ბევრი ვილაპარაკო იმ საკითხზე რაც აქამდე გაკეთებულა, რადგან ამას თითოეული თქვენგანი ისედაც ხედავს. მირჩევნია, იმაზე ვილაპარაკო, რაც ამის შემდგომ გადასაჭრელი პრობლემებია. ყველა მიმართულებით დაწყებულია გზების კეთილმოწყობა, რაც, სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ჩვენს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება. დღეს სადაც შეხვედრები გვქონდა, აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეული არის კურორტ გოდერძისთან ახლოს და ყველაზე მეტად შეიძლება, რომ ვილაპარაკოთ ტურიზმის მნიშვნელობაზე. ჩვენ ვპირდებით ამომრჩევლებს, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს განვახორციელებთ, რაც ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას. გოდერძი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვართ, სრულად რომ დაიწყებს კურორტი ფუნქციონირებას, ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება და თითოეული ოჯახი მეტ სარგებელს მიიღებს”, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები