ბესიკ დგებუაძის ადვოკატი: ბრალდებულმა არ იცოდა თავდამსხმელის ვინაობა და ვერ მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია
ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული ბესიკ დგებუაძის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულმა თავდამსხმელის ვინაობა არ იცოდა და ამიტომაც ვერ მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია.
“ბრალდების მხარეს გარკვეული შეკითხვები აქვს და, აქედან გამომდინარე, სასამართლოს შესაბამის განმარტებას აძლევენ. ბრალდებულები კი აცხადებენ, რომ მათთვის თავდამსხმელის ვინაობა უცნობი იყო და ამან განაპირობა სწორედ ეს გარემოება, რომ გამოძიებას ვინაობა ვერ მიაწოდეს. მათ ვინაობა არ იცოდნენ, მაგრამ ბრალდებისთვის ეს ეჭვს იწვევს. ამიტომ, მათ დანაშაულის დაფარვასა და ცრუ ჩვენებას ედავებიან”,- განაცხადა ბაჩუკი ყურაშვილმა.
ზუგდიდის პროკურატურასთან ბესიკ დგებუაძის გათავისუფლების მოთხოვნით მისი ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ.
ამ წუთებში, დგებუაძის მამა და მისი ოჯახის სხვა წევრები პროკურორ დავით სალიას ხვდებიან.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა რამდენიმეჯერ სცადეს პროკურატურის შენობაში შეჭრა.
ცნობისთვის, დგებუაძის ახლობლებმა, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია 13 და 14 აპრილსაც გამართეს. მაშინ ისინი აქციის დროს დაკავებული ერთ-ერთი მონაწილის გათავისუფლების პირობით დაიშალნენ.
შეგახსენებთ, ბესიკ დგებუაძე 2018 წლის 21 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების საქმეზეა დაკავებული. გარჩევისა და სროლის დროს თავად დგებუაძეც დაიჭრა, მას 4 ტყვია მოხვდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ბესიკ დგებუაძე დაპატიმრებულია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და 370-ე მუხლით, რაც სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.