ჯანდაცვის ექსპერტი: 10 მაისიდან ამოქმედდება სერვისი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეეძლებათ, საკუთარ სახლებში ტყვიის კერა დაადგინონ

0

“10 მაისიდან ამოქმედდება სერვისი, იმუშავებს გამსვლელი ჯგუფი, რომელიც დაინტერესებულ ოჯახებს ტყვიის კერის აღმოჩენაში ინდივიდურად დაეხმარება”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, დავით ჯორბენაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სერვისს განახორციელებს „მედი პრაივის“ ლაბორატორია. დაახლოებით, 85 ლარამდე ჯდება სახლის, გარემო პირობების გამოკვლევა, ჰაერის გარეშე. ეს სერვისი, გამსვლელი ჯგუფი, ამოქმედდება 10 მაისიდან და ოჯახში ტყვიის შემცველი საყოფაცხოვრებო საგნის აღმოჩენაში დაეხმარება ადამიანებს. ტყვიის წყაროს მიგნება უმთავრესია შემდგომი მკურნალობისთვის. აიღებენ ნიმუშებს და, დაახლოებით, 48 საათის განმავლობაში მიუთითებენ, სად არის ტყვიის წყარო. მისცემენ რეკომენდაციებს ოჯახებს ”, – განაცხადა დავით ჯორბენაძემ.
როგორც ექიმმა-ტოქსიკოლოგმა, ინგა ღვინერიამ აღნიშნა, ტყვია ძალიან ვერაგი მეტალია, რომელიც მთელ რიგ დაზიანებებს იწვევს. ექსპერტებმა ორსულების სისხლში ტყვიის განსაზღვრის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
„ორსულ ქალებში შემოწმება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვიცოდეთ, პროგნოზირება გავაკეთოთ, ბავშვი რა მონაცემებით დაიბადება. ტყვია ადვილად გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს.  მოსალოდნელია რომ ბავშვი დაიბადოს სისხლში ტყვიის გარკვეული რაოდენობით და შემდეგ არსებულ მარაგს გარემოში ემატება გარკვეული რაოდენობა.

მშობელი ყურადღებით უნდა იყოს. ასეთ ბავშვებს ახასიათებთ ჰიპერაქტიურობა, დაუმორჩილებლობა, სწავლაში ჩამორჩენა და ა.შ. მშობელი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს ბავშვის კვებისას. მისცეს ისეთი საკვები, რომელიც ტყვიის ანტაგონისტია, ესაა კალციუმით მდიდარი საკვები, ცილები, რკინით მდიდარი საკვები. უნდა მოარიდოს ცხიმოვანს, რადგან ცხიმოვანი მჟავების წარმოშობის პროცესში ტყვიის მდგრადობა ორგანიზმში მატულობს. აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია, დადგინდეს პირველადი წყარო. უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება ანემიებს, რადგან ტყვია მოქმედებს ჰემოგლობინის სინთეზზე“,- განაცხადა ინგა ღვინერიამ.
როგორც ცნობილია, პორტალზე “შენი იდეა ქალაქის მერს” ინიციატივამ, რომელიც პირველ და მეორე ტრიმესტრში მყოფი ორსულებისა და 6 წლამდე ასაკის ბავშვების სისხლში ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალების განსაზღვრის მუნიციპალური პროგრამის დაწყებას ეხება, საკმარისი რაოდენობის ხმა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
ინიციატივის შესახებ დავით ჯორბენაძემ ისაუბრა.
„ეს პეტიცია იყო იმ პერიოდში შეთავაზებული, როცა ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგები. ამ კვლევამ კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ ეს პეტიცია განსაკუთრებით აქტუალურია. დღეს მქონდა მერიასთან საუბარი და, რამდენადაც ვიცი, ამზადებენ შეხვედრას, რომ საბოლოო განხილვა მოხდეს და გადაწყვეტილება მიიღონ. რადგან ბავშვებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროა ჩართული, ალბათ, შესაბამისად, მოწყვლადი კატეგორია რომელიც მერიას რჩება ესენი არიან ორსულები, რომელთათვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს კვლევა“- განაცხადა ჯორბენაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) დახმარებით 2018 წელს ჩატარდა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად მასშტაბური კვლევა. ამ კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ-ის (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი