ახალციხიდან სომხეთის საზღვრამდე მისასვლელი გზა რეაბილიტირდება
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე 14.6 კმ-იანი (კმ98-კმ112) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი გადის სოფლებს გორელოვკას, ჟდანოვს და მთავრდება საქართველო-სომხეთის საზღვართან.
„აღსანიშნია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონიზამთრის მკაცრი კლიმატური პირობებით (დიდთოლობა, ნამქერი და დიდი ყინვები) გამოირჩევა, შესაბამისად, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანიას სამუშაოები შეჩერებული ჰქონდა. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე სამუშაოები განახლდა და აქტიურად გაგრძელდება. პროექტის დასრულება 2019 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. პროექტის შესაბამისად, დაგეგემილია არსებული დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია. გაფარდოვდება არსებული გზის სიგანე, რეაბილიტირდება 3 რკინაბეტონის ხიდი და წყალგამტარი მილები. მოწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა“, – აცხადებენ დეპარტამენტში.
დეპარტამენტის ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 808 673 ლარია. სამუშაოები 2018 წლის ივლისში დაიწყო და 2 კმ-იან მონაკვეთზე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი, ხოლო 2 კმ-იან მონაკევთზე მოწყობილია მიწის ვაკისი – ამ დროისთვის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, მიმდინარე წელს პროექტი მომზადდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დაიწყება დაზიანებულ 5 კმ-იან მონაკვეთზე (კმ91-კმ97). ორივე მონაკვეთის რეაბილიტაციის შემდეგ, ახალციხიდან სომხეთის საზღვრამდე გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, დღეის მდგომარეობით, სამუშაოები 10 პროექტზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში განხორციელდება 41.1კმ გზისა და 4 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 32 852 300 ლარს შეადგენს“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
უწყებაში განმარტავენ, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2019 წელს დაგეგმილია 7 პროექტის დაწყება, რომელთა ჯამური სიგრძე შეადგენს 37,3კმ. სავარაუდო ჯამური ღირებულება 36 297 000 ლარია.
„მათ შორის, 2019 წელს დასრულდება 5 პროექტი, ხოლო 2 პროექტი დასრულდება 2020 წელს. ამასთანავე დაგეგმილია 2 პრევენციული პროექტი, საერთო ღირებულებით 1 492 800 ლარი, 1 ნაპირსამაგრი პროექტი, ღირებულებით 500 000 ლარი და პერიოდული შეკეთების სამუშაოები 5 სხვადასხვა ობიექტზე, რომლის სავარაუდო სიგრძე 50 კმ-ია, სავარაუდო ღირებულება კი – 13 500 000 ლარი“, – განმარტავენ დეპარტამენტში.