ზესტაფონის მერობის კანდიდატის მანქანა გაუმართავი იყო – ცეცხლის ხელოვნურად გაჩენის ფაქტს თავად ვახტანგ რობაქიძის მეგობარი უარყოფს
ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერი, რომლის ავტომობილიც გუშინ დაიწვა, უარყოფს, რომ მასზე რაიმე სახის ზეწოლა განხორციელდა. ვახტანგ რობაქიძის მხარდამჭერი და მისი საინიციატივო ჯგუფის წევრი, გიორგი ქამუშაძე “კვირასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ავტომობილი ტექნიკურად გაუმართავი იყო და პრობლემები აქამდეც შექმნია.
,,ჩემს მიმართ არანაირ ზეწოლას ჰქონია ადგილი. არც არავინ დამმუქრებია. ავედი, ჩვეულებრივ, ბინაში, გადმოვიხედე და იყო ასეთი ფაქტი; ძალიან მოკლე დროში მოხდა, ვერც მოახერხებდა ადამიანი რაიმეს. მანქანა 25 წლის არის. ერთხელაც ჰქონდა მსგავსი პრობლემა, მაგრამ მაშინ სახანძროს გარეშე ჩავაქრე ცეცხლი”, – ამბობს გიორგი ქამუშაძე.
თავად დამოუკიდებელი კანდიდატი, ვახტანგ რობაქიძე თავისი მხარდამჭერის მანქანის დაწვაში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მის მხარდამჭერებზე ზეწოლა ხორციელდება.
,,პირდაპირ შემიძლია, დავადანაშაულო ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც ჩემს გარემოცვას პირადად ებრძვის, ახდენს მათზე ზეწოლას და ემუქრება დაჭერით”, – განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ. აღსანიშნია, რომ შემთხვევის შემდეგ, ჯერ კიდევ დილით, რობაქიძემ მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ არ იცოდა, რას უკავშირდებოდა შემთხვევა, პოზიცია კი მოგვიანებით შეცვალა და მას პოლიტიკური სარჩული დაუდო.
შემთხვევასთან დაკავშირებით მისი პირველი კომენტარი კი ასე გამოიყურებოდა:
“ზესტაფონში მანქანა ეზოში იყო გაჩერებული და ცეცხლი მოეკიდა. მე არ ვიცი, ეს რას უკავშირდება; ვიცი ის, რომ ამ მანქანით თბილისიდან საარჩევნო ბანერები და ბროშურები უნდა წამოგვეღო. მანქანა ჩემს მეგობარს ეკუთვნის”.
თავად ვახტანგ რობაქიძის ბრალდებებს ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ უპასუხა და კანდიდატის ბრალდებას აბსურდული უწოდა.
,,დარწმუნებული ვარ, შსს ამ საქმეს გამოიძიებს, კითხვებს პასუხი გაეცემა და გაირკვევა სიმართლე. რაც შეეხება ბრალდებებს – ეს არის აბსურდი, ტყუილი, სიცრუის ტირაჟირება, საარჩევნო კამპანიის ბინძური თამაშის წესებით წარმართვა და სამწუხაროა, რომ ოპონენტები ამ გზას ირჩევენ”, – განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.
ინციდენტს ზესტაფონის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი, გიორგი გოგლიჩიძეც გამოეხმაურა. გოგლიჩიძემ “კვირასთან” აღნიშნა, რომ თუ მის ოპონენტს საარჩევნო კამპანიაში ინციდენტის გამო პრობლემა შეექმნება, მზად არის, საკუთარი ავტომობილით დაეხმაროს.
“ეს არის ცუდი, როცა სხვა საარჩევნო სუბიექტის მისამართით ხელის დადება ხდება. მაქვს ინფორმაცია, რომ მან განცხადება იმის შესახებაც გააკეთა, აქ გოგლიჩიძე არაფერ შუაშიაო. თუ ეს სააგიტაციო მანქანა იყო და თუ ამით შტაბში პრობლემა იქმნება, მზად ვარ, პირადი ავტომობილით დავეხმარო მას. მაგრამ ეს ემსგავსება მიზანმიმართულ პიარს, რაც არის ძალიან ცუდი. ვფიქრობ, რომ რობაქიძე ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა და შესაბამის განცხადებასაც გააკეთებს”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.
ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ვახტანგ რობაქიძის მხარდამჭერის ავტომობილი, რომლითაც რობაქიძის საინიციატივო ჯგუფი თბილისიდან სააგიტაციო მასალების ჩამოტანას გეგმავდა, მოულოდნელად დაიწვა. შემთხვევა გუშინ, საღამოს 11 საათზე მოხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული ნორმა ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით, ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს და თავისუფლების სამიდან ხუთ წლამდე აღკვეთით ისჯება.