ხულოში მერობისთვის ორი ვახტანგ ბერიძე იბრძოლებს – “ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ ბურჭულაძემ კანდიდატი სპეციალურად შეარჩია
19 მაისს საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ხულოშიც მერის შუალედური არჩევნები ჩატარდება. ხულოს მერობისთვის, როგორც აღმოჩნდა, ორი ერთი და იმავე სახელის მქონე კანდიდატი იბრძოლებს. მმართველი პარტიიდან დასახელებული კანდიდატი ვახტანგ ბერიძე, რომელიც დაიბადა და ცხოვრობს ხულოში და ,,მოძრაობა საქართველოს ხალხისათვის“ კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე. ეს უკანასკნელი კასპის რაიონშია რეგისტრირებული და, ამჟამად, თბილისში ცხოვრობს.
“კვირასთან” საუბარში ოპოზიციურ კანდიდატმა აღნიშნა, რომ საარჩევნო შეხვედრები მოსახლეობასთან ჯერ არ დაუწყია, თუმცა მიიჩნევს, რომ ადგილობრივები მხარს აუცილებლად დაუჭერენ მიუხედავად იმისა, რომ თავად ხულოს მკვიდრი არ არის.
,,მე წარმოშობით მესხეთიდან ვარ, ამჟამად, ვცხოვრობ თბილისში, თუმცა ვარ ხულოშიც ნამყოფი, წინასაარჩევნო კამპანიაში უახლოეს დღეებში ვაპირებ ჩავერთო. უშუალოდ მოსახლეობასთან შეხვედრა ჯერ არ მქონია. მე ძლიერ კონკურენტად არ მივიჩნევ ხელისუფლების მხრიდან დასახელებულ კანდიდატს, მთელი საქართველოს მოსახლეობა ხედავს დღეს არსებულ მდგომარეობას. მე არ ვფიქრობ, რომ ამომრჩეველი ვერ გაარკვევს, თუ რომელ ვახტანგ ბერიძეს დაუჭიროს მხარი და ამით შეურაცხყოფა არავისთვის მიგვიყენებია”, – განაცხადა ხულოს მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა.
ხულოს მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე მიიჩნევს, რომ მერის კანდიდატურაზე ისეთი ადამიანის დასახელება, რომელიც არ არის ადგილობრივი, მოსახლეობის შეურაცხყოფაა.
,,გამოვეხმაურები იმ ფაქტს, რომ ხულოს მერად მეორე ვახტანგ ბერიძეც იბრძოლებს. ამასთან დაკავშირებით მოსახლეობაც არის შეშფოთებული, რომ ჩვენმა ოპონენტებმა გამონახეს პიროვნება, რომელსაც ხულოში საერთოდ არ იქნება გავლილი და რუკაზეც არ იცის, სად არის ხულო. მე ვფიქრობ, რომ ამით ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს ხულოს თითოეულ მოქალაქეს და მათ კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავიანთი სისუსტე. ცდილობენ, რომ ხულოელი მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და ამით ხმები წამართვან მე, თუმცა მე ყოველთვის მჯეროდა, ახლაც მჯერა და მომავალშიც ასე იქნება, რომ ხულოში არის ძალიან გონივრული ადამიანი, ვერცერთ ხულოელს ნახავენ ისინი, რომლებიც შეცდომას დაუშვებენ. აქ ხალხს ისე უცხოვრია, რომ არასდროს შეცდომა არ დაუშვია, მათ ამისთვის ტყუილად გაისარჯნენ“, – განაცხადა მმართველი გუნდის კანდიდატმა, ვახტანგ ბერიძემ.
შუალედურ არჩევნებში ხულოს მერობისთვის რეგისტრაცია 15-მა კანდიდატმა გაიარა. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად N84 საოლქო კომისიაში განაცხადი 14-მა პარტიამ და ერთმა საინიციატივო ჯგუფმა შეიტანა, შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენში 15 კანდიდატი იქნება წარმოდგენილი.