ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ტყვიით დაბინძურება ყოფილი სამხედრო ბაზების ირგვლივ ტერიტორიებზე იყოს

“არ გამოვრიცხავ, რომ ბავშვებში, სისხლში ტყვიით დაბინძურება ყოფილი სამხედრო ბაზების ირგვლივ ტერიტორიებზე იყოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“თუ რატომ არის ამხელა სხვაობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის, დღეს ვერაფერს გეტყვით. რა თქმა უნდა, გარკვეული ჰიპოთეზები არსებობს, მაგრამ ამ ჰიპოთეზებით ვერ ვილაპარაკებთ, თუ არ გვექნა დამადასტურებელი ფაქტები. მიმდინარეობს კვლევები, მათ შორის – ნიადაგისა და წყლის. არ გამოვრიცხავ და გარკვეული მინიშნებით შემიძლია ვთქვა, რომ იყოს დაბინძურება ყოფილი სამხედრო ბაზების ირგვლივ ტერიტორიებზე, სადაც ნიადაგშია ტყვია, რომელიც ბენზინიდან ილექებოდა. ის წლობით რჩება, ამიტომ გამორიცხული არაფერი არის. აქედან გამომდინარე, ეს არის შემდგომი კვლევის საკითხი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში გამოკვლეული ბავშვების 25 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში მერყეობს, რაც მსუბუქ მატებაზე მიუთითებს; ხოლო ბავშვების 16 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 578 ბავშვი მოიცვა, რომელთა ასაკი 2-7 წელია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის რეგიონში ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები