“ინვესტორი პანკისელებს სასმელი წყლის მიწოდების სისტემის საკუთარი ხარჯებით გაკეთებას დაჰპირდა”

„ხადორი 3 -ჰესის“ მშენებლობის საკითხზე საუბრის დროს პანკისში ინვესტორი ადგილობრივებს სასმელი წყლის მიწოდების სისტემის საკუთარი ხარჯებით გაკეთებას დაჰპირდა”, – ამის შესახებ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა, ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ჩიქოვანმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობასთან გარკვეული ძალები აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ჰესები არ აშენდეს. როგორც ჩიქოვანმა განაცხადა, ადგილობრივები შეცდომაში მიზანმიმართულად შეჰყავთ.
„ვფიქრობ, პრობლემის სათავე ჩვენს ისტორიაშია. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ელექტროსადგური გვაქვს , რომელიც 1300 მეგავატია. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი ხალხის წარმოდგენაში არის დატბორილი ხეობები,  წყლის უზარმაზარი რეზერვუარი, გადასახლებ. ვფიქრობ, ხალხის წარმოდგენაში ეს თავის როლს თამაშობს. თუმცა, ეს არ არის ერთერთი მიზეზი. ის ხალხი, ვისთანაც შეხება გვქონია და პროტესტს გამოთქვამს, საკმაოდ კარგად არის გარკვეული, რომ 1300-მეგავატიანს კი არ ვაშენებთ იქ, არამედ – 5-მეგავატს. არ შეიძლება, ენგურის მსგავსი პრობლემები გამოიწვიოს 5- მეგავატიანი სადგურის მშენებლობამ, რომელიც ისეთი მცირე ზომისაა, რომ არ იცოდეთ, იქ ჰესი დგას, შეიძლება, ვერც მიხვდეთ. სამწუხაროდ, ხალხი მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში, რომ ეს ჰესი გამოიწვევს პრობლემებს, ტერიტორია დაიტბორება, გადასახლება მოუწევთ, ეკოლოგიური კატასტროფა იქნება, წყალი არ ექნებათ. მოხდა პროვოკაცია, რამაც ძალიან დაძაბა სიტუაცია. ძალიან რთულია, გაუმკლავდე ამას, როცა მეორე მხარე უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს და ხალხი შეცდომაში შეჰყავს. შემდეგ, როცა გინდა, ხალხი დიალოგზე მოიწვიო და აუხსნა ყველაფერი, ამის სურვილი არ არის. არ არის მზად ყოფნა, რომ მოისმინონ არგუმენტები.

ეს გამოწვევაა. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს გამოწვევა დაუძლეველია. მეტი კომუნიკაციაა საჭირო. ხალხმა უნდა დაინახოს, რა სიკეთე მოაქვს ამ ჰესს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რა რისკებია და როგორ ფიქრობს ინვესტორი და სახელმწიფო ამ რისკებისგან თავის აცილებას.
ზოგი მიზანმიმართულად, ზოგი უნებლიედ ემსახურება ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეს. ზოგს, შეიძლება, გულწრფელად სჯერა, რასაც ამბობს, რომ გარემოს დაცვის მიზნით აკეთებს ამას, მაგრამ მათ გულწრფელობაში ეჭვი მეპარება ხოლმე იმიტომ, რომ ჰესების გარდა, ძალიან ბევრი პრობლემაა საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით.  მდინარეებს ვიყენებთ ნაგავსაყრელად, ვჩეხთ ხეებს, ტყეებს. ამაზე ვინმე გარემოსდამცველი გინახავთ გამოსულიყო სვანეთში ან სხვაგან და ეთქვა – არ ქნათ ეს, ხალხო. ერთადერთი ზეწოლა ხდება ამ ჰესებზე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ჩიქოვანი, ასევე, გამოეხმაურა, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებას. ჩხობაძის თქმით, ჰესების მშენებლობისას მთავარ კვლევას წყლის რესურსს უკავშირებს და აცხადებს, რომ წყლის რაოდენობის გაზომვა აუცილებელია.
„ჩვენთან, როგორც ვთქვით, ერთი დიდი ჰესი არსებობს – ენგურჰესი. არც ტერიტორია გავქვს დიდი და არც ბუნება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ ასეთი დიდი ჰესები აშენდეს. სახელმწიფოს მიდგომაა, რომ განვავითაროთ არა ძალიან ბევრი დიდი ჰესი, არამედ განვავითაროთ პატარა ჰესები. ზუსტად ბევრ პატარა ასეთ ჰესზე უნდა დადგეს ჩვენი  ეკონომიკა. თუ ერთზე, ორზე, სამზე, ოთხზე უარი ვთქვით, ზუსტად ამ მცირე ჰესებისგან შედგება მთელი ჩვენი ენერგოსისტემა.
ნინო ჩხობაძის განცხადება საინტერესოა. რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ არის პრობლემები. ინვეტორებთან ერთად სახელმწიფო უკვე ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე მუშაობს. გაზომავები უკვე ხორციელდება, ბევრ მდინარეზე დამონტაჟებულია ახალი სადგურები. სურათი უკეთესობისკენ იცვლება. იმის თქმა, რომ არაფერი ვიცით და არაფერი იზომება, სწორი არაა.
ინვესტორი “ხადორი 3 -ჰესის” მშენბელობისას დაჰპირდა ხალხს, სასმელ წყალს მე მოგაწოდებთ, გაგიკეთებთ სასმელი წყლის მიწოდების სისტემასო, რომელიც კომუნისტების დროსაც არ გაუკეთებიათ. მანამდე მათ სასმელი წყლის მიწოდება არ ჰქონიათ. ამაზეც მზად იყო ინვესტორი, რომ თავისი ხარჯით გაეკეთებინა წყლის მიწოდება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები