“დედას ვუტირებთ” – რატომ უმალავენ მარნეულში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შეხვედრებს ჟურნალისტებს (ვიდეო)

გრიგოლ ვაშაძემ სოფელ კერიჩ მუღანლოში ჩაი დალია. ენმ-ს ლიდერი პარტიის აქტივისტს, ეითარამ ახმედოვს სახლში ეწვია, მოგვიანებით, კი “კვირასთან” განაცხადა, რომ შეხვედრა მარნეულში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს არ უკავშირდებოდა.
ვიდრე ოპოზიციის ლიდერი სტუმრად იმყოფებოდა, პარტიის მხარდამჭერები მას სახლთან ელოდნენ. აქ მედიის გამოჩენა არ გაუხარდათ. ენმ-ს წევრებმა “კვირას” ჟურნალისტს რატომღაც ფოტოების გადაღება დაუწყეს და კომენტარების ჩაწერაშიც ხელს უშლიდნენ. მათ შორის იყო “ნაცმოძრაობის” საპარლამენტო დეპუტატი აზერ სულეიმანოვი.
ფაქტი, რომ ენმ მარნეულში საარჩევნო შეხვედრებს ფარულად, მედიის ჩუმად მართავს, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერების ოჯახებში ჟურნალისტების გარეშე დადიან და საარჩევნო აგიტაციის პროცესის აფიშირებას ერიდებიან.
“კვირას” კითხვამ, თუ რატომ ერიდებიან შეხვედრებზე მედიის მიწვევას, ვაშაძე გააოცა და მან აღნიშნული პრესსამსახურს გადააბრალა.
“მედიასაშუალებებს ჩვენ ვეძახით, მაგრამ, არ ვიცი, ახლა რატომ არიან ისინი გადართული გაცილებით უფრო სხვა რეგიონებზე… ეს რიგით რომელი შეხვედრაა, ზუსტად ვერ დაგითვლით, მაგრამ, ყოველდღე მარნეულში ვარ. ყველას ვპატიჟებთ, გადავცემთ თქვენს საყვედურს პრესსამსახურს…ვცდილობთ, მარნეულის ყველა მოქალაქეს მივაწვდინოთ ხმა და ერთი რამ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ღარიბი ხალხის ღარიბი პარტიები ვართ, და არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ე.წ ქართულ ოცნებასავით ბილბორდებით და ბანერებით დავფაროთ მთელი მარნეულის რაიონი”, – განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიციას ბილბორდები და ბანერები არცერთ არჩევნებზე რომ არ აკლია, ფაქტია. ამჯერადაც “ღარიბი ხალხის ღარიბი პარტიის” ლიდერმა სოფელ კამუსლოში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანულად დაბეჭდილი საარჩევნო ბროშურები დაარიგა და ხელმომჭირნეობის მიუხედავად, მათ განუცხადა, რომ არჩევნებზე ყველა უბნის ვიდეოკამერებით აღჭურვას აპირებენ.
“დედას ვუტირებთ”, ჩვენ მათ შევცვლით და მალე აუცილებლად დავბრუნდებით ხელისუფლებაში”, – ამ სიტყვებით 30-მდე აქტივისტს “ნაციონალების” ლიდერმა ორ ენაზე მიმართა. ხელისუფლების ცვლილების გარდა, ვაშაძე ამომრჩეველს წინა არჩევნების დროს დაშვებული “შეცდომების” გამოსწორებასაც დაპირდა:
“2018 წელს დაშვებულ ყველა შეცდომას გამოვასწორებთ, ჩვენ უკვე გვაქვს ზუსტი სტატისტიკა, რა იყო ჩვენი სუსტი მხარე და სად ჩაგვიყარეს ბიულეტენები, სად მოხდა ჩვენი აქტივისტების მოსყიდვის ფაქტები. საარჩევნო უბნებზე კამერებსაც დავაყენებთ და მეტ დამკვირვებელს მოვიყვანთ”, – განაცხადა ვაშაძემ.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო შეხვედრაზე “კვირას” მიერ გამოკითხული მარნეულელების უმეტესობისთვის მერობის არჩევნები სააკაშვილის დაბრუნებასთან ასოცირდება. ოპოზიციონერი კანდიდატის, აგილ მუსტაფაევის “ღირსებებზე” მარნეულში დღეს თითქმის არავის უსაუბრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები