გიორგი გახარია: მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელსა და პანკისის ხეობის უხუცესებს

თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული და თითოეული პირი, რომელმაც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა, იქნება შესაბამისად დასჯილი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მინისტრმა დაშავებული პოლიციელები კლინიკაში მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

„მოვინახულე დაშავებული პოლიციის თანამშრომლები. ძირითადად, ეს გახლავთ ნასროლი ქვებისგან მიღებული დაზიანებები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული და თითოეული ადამიანი, რომელმაც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა, იქნება შესაბამისად დასჯილი. ამას ვპირდები თითოეულ პოლიციელსა და ჩვენს მოქალაქეს.

საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევები არ გვაქვს, ერთი დაზარალებული გვყავს თავის არეში, რომელსაც ახლა აკვირდებიან ექიმები, თუმცა, იმედი გვაქვს, ყველაფერი სერიოზული გართულების გარეშე გამოვა. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველა კამერაზე ასახულ ყველა მოვლენას, თითოეული ადამიანის და თითოეულ ჩვენ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევას. ამის შემდგომ, კანონის სრული შესაბამისობით გავატარებთ ზომებს, რის საშუალებასაც გვაძლევს იურისდიქცია“, – განაცხადა შს მინისტრმა.

მისი თქმით, შედეგი მიღწეულია და ვითარება დამშვიდებულია.

„სიტუაცია დამშვიდებულია, დაწყნარებულია, შედეგი მიღწეულია, როგორც კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე საქართველოს ენერგოუსაფრთხოებიდან და, რა თქმა უნდა, მოქალაქეების, ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო პოლიციამ. გვესმის, რომ გვაქვს უაღრესად დიდი თმენის ვალდებულება, რომელიც განახორციელა თითოეულმა ადამიანმა, რომელიც დღეს აქ იმყოფება. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, გადავუხადო მადლობა ყველა პოლიციელს, რომელიც ამ ღონისძიებაში, ნებსით თუ უნებლიედ, დღეს იღებდა მონაწილეობას. მათ ღირსეულად შეასრულეს თავისი ფუნქცია-მოვალეობა“, – აღნიშნა გახარიამ.

მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა პანკისის ხეობის თემის უხუცესებს.

„რაც მთავარია, მინდა, მადლობა გადავუხადო ასევე უხუცესებს, რომლებთან საუბარშიც ჩვენ ობიექტურ რეალობასთან დაახლოებაც შევძელით და მივაღწიეთ შედეგს, რომელიც ეფექტიანი იქნება ხვალინდელი დღისთვის, როგორც ხეობის, ასევე ქვეყნის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ყველა ჩვენი, თითოეული მოქალაქის, პოლიციელის, პანკისელის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს ძლიერი საქართველო და ამას მივაღწევთ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, დღეს ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები