“ნაციონალური მოძრაობის” წევრს, მანუჩარ ჩხეტიას სასამართლომ 1500 ლარი ჯარიმა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა  სასამართლომ 11 აპრილს  წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, მანუჩარ ჩხეტიას საქმე განიხილა. საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის #166 და #173 მუხლით განიხილებოდა. სასამართლომ მანუჩარ  ჩხეტიას, აღმკვეთი ღონისძიების სახით, 1500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

როგორც ზუგდიდის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილემ, შალვა ჭედიამ “კვირასთან” საუბრისას განაცხადა, სასამართლომ მათი შუამდგომლობა ნაწილობრივ გაიზიარა.
“ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის #166  და  #173 მუხლებით დღევანდელმა სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დამნაშავედ სცნო მანუჩარ ჩხეტია, რომელსაც, ჯარიმის სახით, 1500 ლარი შეეფარდა, ხოლო #166 მუხლზე საქმის წარმოება შეწყდა”, – განაცხადა შალვა ჭედიამ.

შეგახსენებთ, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები: ანა წითლიძე, გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 11 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში დააკავეს. მოგვიანებით სამართალდამცველებმა ისინი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. გამოკითხვის შემდეგ ანა წითლიძე და გიორგი პატარაია გაათავისუფლეს, მანუჩარ ჩხეტია კი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
მანუჩარ ჩხეტია სასამართლომ 12 აპრილს გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები