ომარ ბერიძე: ოპერატორებს მოთხოვნები 2 წელია, აქვთ, თუმცა, ტელევიზიის მენეჯმენტი არ ითვალისწინებს

აჭარის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” 13 გაფიცული ოპერატორი ხელფასების გაზრდას, ან სამუშაო პირობების შეცვლას ითხოვენ.
როგორც „კვირას“ მაუწყებლის პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ, ომარ ბერიძემ განუცხადა, ოპერატორებს აღნიშნული მოთხოვნა ბოლო 2 წელია, აქვთ, თუმცა, ტელევიზიის მენეჯმენტი არ ითვალისწინებს.
როგორც ომარ ბერიძემ „კვირას“ განუცხადა, დღეს ოპერატორებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და გაიფიცნენ.
მისივე თქმით, ტელევიზიის თანამშრომლებს ოპერატორებთან ერთად მემონტაჟის ფუნქციის შესრულებაც უწევთ, ანაზღაურება კი შესაბამისი არ აქვთ.
დღეს მრჩეველთა საბჭო მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.
”ბოლო ორი წელია, ეს საკითხი ოპერატორებს აწუხებთ და მოლაპარაკებებს მართავდნენ ტელევიზიის მენეჯმენტთან, თუმცა, სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ. დღეს კი პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავედით – გავიფიცეთ. ახლა ჩვენ არანაირ მოთხოვნას ვახმოვანებთ, რადგან დღეს ბორდის სხდომა დაემთხვა, იქ გადაწყდება გარკვეული საკითხები. როგორც კი დაიდება შედეგი, გადაწყდება საკითხი, ჩვენ გავაკეთებთ განცხადებებს. არ გამოვრიცხავთ, რომ ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხიც დავაყენოთ”, – აღნიშნა ომარ ბერიძემ.
ცნობისათვის, ამჟამად, აჭარის “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორების ხელფასი 1000 -დან 1300 ლარამდე მერყეობს და ისინი ოპერატორ-მემონტაჟის ფუნქციას ასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები