ბაღდათის მუნიციპალიტეტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფოტოგამოფენა „საგანძურს“ მასპინძლობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრი, 16 დან 25 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ მოწყობილ ფოტოგამოფენას მასპინძლობს. „საგანძური“ ასე ქვია პროექტს, რომლის დაათვალიერება და გიდის მომსახურეობა 10:00–დან 18:00 საათამდე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ფოტოგამოფენა “საგანძური” 2008 წელს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა–კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის დაფინანსებით, ასევე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელშეწყობით შეიქმნა. ფოტოგამოფენა პერიოდულად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოგზაურობს.

„ფოტოგამოფენა „საგანძური” – საქართველოში პირველი, მოძრავი ფოტოექსპოზიციაა /Exposition Itinérante/ და ეფუძნება უდიდესი ევროპული მუზეუმების გამოცდილებას კულტურული მემკვიდრეობისა და სამუზეუმო კოლექციების მედიაციაში: არატრანსპორტირებადი კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობის, ცნობადობის, პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით შექმნილია მისი მაღალმხარტვრული, ესთეტიურად და შინაარსობრივად მისადაგებული ალტერნატივა – ფოტო-ასლები, რაც მარტივია ტრანსპორტირებისათვის და წარმოადგენს შესანიშნავ თემატურ გარემოს მრავალფეროვანი, შემეცნებითი, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი აქტივობების ჩასატარებლად“,- აცხადებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სამუზეუმო კოლექციების ცნობადობის გაზრდას, ქართულ კულტურაში დამკვიდრებული ზოგადსაკაცობრიო, ჰუმანური და ტოლერანტული ღირებულებების წარმოჩენას, მარადიული ფასეულობების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობას, მხატვრული, ანალიტიკური და შემოქმდებითი უნარების განვითარებას.

როგორც სრულიად კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე ამბობს, ახალგაზრდობას საშუალება უნდა ჰქონდეს იცოდეს, რისი პატრონები ვართ. „ის ახალგაზრდა, რომელიც აღიზრდება ამ ხელოვნებაზე და ამ რწმენით, სიყვარულითა და სასოებით, ვერ გახდება ვერც ნარკომანი, ვერც ქურდი, ვერც ავაზაკი და ვერც რაიმე სხვა ცუდის გამკეთებელი“,- ბრძანა პატრიარქმა.

ფოტოგამოფენის გახსნას ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები