ანა წითლიძე და გიორგი პატარაია ზუგდიდის სასამართლომ 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა – რას აცხადებენ შსს-ში

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელ ანა წითლიძესა და ენმ-ის პრესსამსახურის უფროს გიორგი პატარაიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

დაცვის მხარის განმარტებით, სახეზე არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა გამოკითხვის ოქმები და სხვა მტკიცებულებები არ არის ობიექტური და წარმოდგენილი ვიდეომასალა ამას ადასტურებს. ხოლო ოქმის შემდგენი მხარე განმარტავს, რომ საქმეში არსებული ვიდეომასალა არ ასახავს რეალობას და ვიდეოკადრებში არ ჩანს, თუ როგორ აყენებენ ბრალდებული პირები პოლიციას შეურაცხყოფას. დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პირები, რომლებიც მათ თვალთვალს ახორციელებდნენ პოლიციელები იყვნენ.

ზუგდიდის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილის, შალვა ჭედიას განცხადებით, ანი წითლიძისა და გიორგი პატარაიას წინააღმდეგ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა სასამართლომ და მათ ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.
ჭედიას თქმით, მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის გასცემს სამართლებრივ რეაგირებას, რათა სამართალდამცელებს საკუთარი უფლებამოსილების შესრულებაში ხელი არ შეეშალოთ.

შეგახსენებთ, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები ანა წითლიძე, გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 11 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში დააკავეს. მოგვიანებით სამართალდამცველებმა ისინი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. გამოკითხვის შემდეგ ანა წითლიძე და გიორგი პატარაია გაათავისუფლეს, მანუჩარ ჩხეტია კი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
მანუჩარ ჩხეტია სასამართლომ 12 აპრილს გაათავისუფლა, რადგან მას, მოსამართლე მანუჩარ ცაცუას განმარტებით, 48-საათიანი ვადა უკვე ამოეწურა. საქმის სარეზოლუციო ნაწილს 19 აპრილს გამოცხადდება. მაშინ გაირკვევა, დააკისრებენ თუ არა ბრალდებულს ჯარიმას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები