უკრაინული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეცნობიან

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს უკრაინული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ. ინფოტურის მონაწილეები რეგიონის ღირსშესანიშნაობებს, ტურისტულ და სასტუმრო ინფრასტრუქტურას ეცნობიან.
რაბათში, ახალციხის ციხეზე უკრაინელ სტუმრებს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მხარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და რესურსების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული – ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მერები და სასტუმროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა მელიქიძემ მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიული ძეგლები, ღირსშესანიშნაობები და ტურისტული მარშრუტები ვიდეორგოლის საშუალებით გააცნო ინფოტურის მონაწილეებს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი უკრაინული ტურისტული სააგენტოების დაინტერესებას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მომავალში ურთიერთობების გააქტიურება და ტურისტების შემოსვლა ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას, რაც, შესაბამისად, მოსახლეობისა და ამ სფეროში დასაქმებულებისთვის სტიმულისმიმცემი იქნება.
ცნობისთვის, საინფორმაციო ტური მიმდინარე წლის მარტში ახალციხის მერიისა და „ახალციხის ციხის“ წარმომადგენლების მიერ უკრაინაში ტურისტულ ფესტივალში მონაწილეობის დროს დაიგეგმა. მისი მიზანი სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება და სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაა.
14 უკრაინული კომპანიის წარმომადგენლები რეგიონში 2 დღის განმავლობაში დარჩებიან და მუნიციპალიტეტებში არსებულ ტურისტულ ადგილებსა და ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები