ქვემო ქართლში თანამედროვე სტანდარტების 16 ახალი სკოლა აშენდება
ქვემო ქართლის რეგიონში თანამედროვე სტანდარტების 16 ახალი სკოლა აშენდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსმა, ზვიად როსტომაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
ნათია ზედგინიძის თქმით, სკოლების რეაბილიტაცია პრიორიტეტების მიხედვით ხორციელდება.
„ორიათასი საჯარო სკოლა გვაქვს ქვეყანაში. ერთ წელიწადში შეუძლებელია, ყველას ჩაუტარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამიტომ, ჩვენ დაწესებულებებს პრიორიტეტების მიხედვით ვაახლებთ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძემ.
ახალი სასწავლო წლიდან ექსპლუტაციაში მარნეულის პირველი საჯარო სკოლის ახალი შენობა შევა, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულდა და, ამჟამად, სამღებრო და შიდამოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი სკოლის შენობა 350 მოსწავლეზეა გათვლილი და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე. სკოლა აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, მოეწყობა ღია სპორტული მოედანი, ექიმის კაბინეტი და სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. ამასთან, სხვა სკოლების რეაბილიტაცია ეტაპობრივად განხორციელდება.