რიმა ბერაძემ 2012-2018 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ჩუღურეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ პარტიის ხელმძღვანელობასა და მხარდამჭერებს 2012-2018 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში საუბარი იყო განხორციელებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოებზე.
რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას ჩუღურეთის რაიონში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ მხარდამჭერებს განვითარების პერსპექტივები და სამოქმედო გეგმა გააცნო.
„ყველასთვის ცნობილია, რომ 2012 წლამდე ჩუღურეთი ყველასგან მივიწყებული რაიონი იყო, მიუწესრიგებელი ინფრასტრუქტურითა და რთული სოციალური მდგომარეობით. იმ პერიოდის ჩუღურეთის მდგომარეობას დღევანდელობას ვერც კი შევადარებთ. ჩვენ მოვაწესრიგეთ ყველა მთავარი და თითქმის ყველა შიდა გზა, ყველა უბანში გვაქვს მწვანე სივრცეები: სკვერები, ბაღები ან სპორტული მოედნები. მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს რაიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გპირდებით, რომ განვითარების ეს ტემპი კვლავ გაგრძელდება, ჩვენი რაიონი გახდება უფრო და უფრო მიმზიდველი და საცხოვრებლად მეტად კომფორტული თითოეული თქვენგანისთვის”, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
შეხვედრას “ქართული ოცნების” ლიდერები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. დამსწრეებს სიტყვით „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გია ვოლსკიმ მიმართეს.
ღონისძიებას „ქართული ოცნების” ჩუღურეთის ორგანიზაციის 500-მდე მხარდამჭერი დაესწრო.
პარტიის რაიონული ორგანიზაციების ანგარიშების წარდგენა დედაქალაქის სხვა რაიონებშიც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები