თანაინვესტირების ფონდი: „კურიერის“ სიუჟეტში „პანორამა თბილისისა“ და მშენებლობაზე დაშავებული მუშების შესახებ არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა

თანაინვესტირების ფონდი „კურიერში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ სრულად გთავაზობთ:
„გვსურს გამოვეხმაუროთ 17 აპრილს, „რუსთავი 2“-ის ეთერში, კერძოდ, „კურიერში“ გასულ სიუჟეტს „პანორამა თბილისისა“ და სამი დაშავებული მუშის თაობაზე, რომელშიც არაერთი მცდარი ინფორმაცია გაჟღერდა.
„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ობიექტზე შესვლა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების დახმარებით შეძლეს, რაც ტყუილია. შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე შეუფერხებლად შევიდნენ, ასევე, შეუფერხებლად მიმდინარეობდა საპატრულო პოლიციის, სასწრაფოს დახმარების, ეკონომიკის სამინისტროს და საექსპერტო სამსახურის წარმომადგენლების ადგილზე შესვლა.
სიუჟეტში ნახსენებია, რომ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს კომპანია „ჯითიდიეფ სოლუშენს“, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. უკანა ფასადის ლესვით სამუშაოებს, სადაც ინციდენტი მოხდა, ახორციელებდა „შპს ენერჯი პლიუსი“, შპს „თბილისი სითის“ დაკვეთით. „შპს ენერჯი პლიუსი“ კონტრაქტით ვალდებული იყო, დაეცვა სამშენებლო ნორმები და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად შესაბამისი პერსონალი ჰყავდა გამოყოფილი. აღნიშნული კომპანია არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და მას არანაირი კავშირი არ აქვს შპს „ჯითიდიეფ სოლუშენსთან“ ან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან.
მოგახსენებთ, რომ 16 აპრილს თავისუფლების მოედანთან, კერძოდ კი, ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე განთავსებული სასტუმროს მშენებლობაზე დაშავდა სამი მუშა, უკანა ფასადის ლესვითი სამუშაოების შესრულებისას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამივე მუშის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი იყო ბაგირისა და კალათის გამოდება წინაღობაზე, რამაც ბაგირის დაჭიმვა და სამაგრის მოწყვეტა გამოიწვია. აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებდა კომპანია შპს „ენერჯი პლიუსი“, რომელსაც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით სრული პასუხისმგებლობა აკისრია შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.
ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ორი დაშავებული – გიორგი ლიპარტელიანი და ნოდარ ჩახალიანი „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა, ხოლო დავით ოჩხიკიძე გადაყვანილ იქნა „ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში“.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დაშავებულების ჯანრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რაც ასევე მცდარი ინფორმაციაა. „ამტელ ჰოსპიტალის“ ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბესიკ წივწივაძის განცხადებით, დაშავებულებს აღენიშნებათ მსუბუქი ხარისხის თავის ტვინის შერყევა და სხეულის დაბეჟილობა, შინაგანი ორგანოების დაზიანება არ იკვეთება და ამჟამად უტარდებათ კონსერვატიული მკურნალობა. პაციენტები დღეს გაეწერებიან ბინაზე, ამბულატორიული მკურნალობის გასაგრძელებლად. ხოლო დავით ოჩხიკიძეს აღენიშნება ქალა ტვინის ტრავმა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა, ფილტვების დაბეჟილობა და მუცლის დახურული ტრავმა.
ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლები არ დაკავშირებიან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს, არ გამოუთხოვიათ ინფორმაცია, რაც ამყარებს ეჭვს, რომ „რუსთავი 2“-ის ინტერესია არა საზოგადოების ინფორმირება, არამედ მისი შეგნებულად შეცდომაში შეყვანა“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები