შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო.
მხარის რწმუნებულმა მცხეთა-შიომღვიმის გზის (კმ. 4) წმინდა გიორგის ეკლესიასთან და წმინდა დემეტრე თესალონიკელის მონასტერთან დამაკავშირებელი, ასევე სოფლების – არაშენდასა და შანკევანის გზები მოინახულა.
„საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია. მოსახლეობას შეუძლია განახლებული გზით უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდეს. შალვა კერესელიძე სოფელ ახალუბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო, რომლის დასრულება მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს იგეგმება. პროექტების ჯამური ღირებულება 2 მილიონამდე ლარს შეადგენს“,- აცხადებენ მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით, თანადაფინანსების პრინციპით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები და რეაბილიტირებული არსენას სკვერი დაათვალიერეს, ასევე, მოინახულეს ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით აშენებული ახალი სკვერი სოფელ საგურამოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები