პარლამენტში საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში გამარჯვებული ახალგაზრდები დააჯილდოეს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში საბუნებისმეტყველო და ტექნიკური (STEM) მიმართულებებით საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლეებისა და გუნდების ხელმძღვანელთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

როგორც ,,კვირას” საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიების მონაწილეებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში მიესალმა და საერთაშორისო ასპარეზობებზე გამარჯვებული მოსწავლეებისთვის წამახალისებელ ინიციატივაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის უდიდესი სიხარულია დღეს თქვენი მასპინძლობა პარლამენტში. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მთავარი აქცენტი, რაც უნდა კეთდებოდეს განათლების და მეცნიერების სისტემაში, ბუნებრივია არის წარმატებაზე ორიენტირებულობა. წარმოუდგენლად გვახარებს თითოეული თქვენთაგანის შედეგები და გამარჯვება, რომლითაც თქვენ, პრაქტიკულად, საქართველოს სახელი გაგაქვთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ასპარეზობებზე და ოლიმპიადებზე. თქვენ უდიდესი სიამაყის საფუძველს გვაძლევთ. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან თქვენი წარმატების დაფასებას და აღიარებას, დღევანდელი ღონისძიება სწორედ ემსახურება იმას, რომ თქვენი წარმატებები არ რჩება ყურადღების მიღმა. ვფიქრობ, რომ თქვენი წარმატებები აუცილებლად უნდა აისახოს აკადემიურ პროცესში – ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ განვიხილოთ როგორ შეიძლება საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული მოსწავლეებისთვის გარკვეული აღიარება მოხდეს თუნდაც გამოცდებთან დაკავშირებით და აბიტურიენტი, რომელიც საპრიზო ადგილს დაიკავებს აღნიშნულ ღონისძიებებზე, გამოცდების ჩაბარებისგან განთავისუფლდეს, ეს არის დაფასება და დამატებითი მოტივაცია. ამით გვსურს თქვენს წარმატებებს შევუწყოთ ხელი”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

STEM-ის მიმართულებით გამარჯვებული მოსწავლეების წარმატების მნიშვნელობაზე ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენადი მარგველაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო ოლიმპიადებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს და საერთო ჯამში 35 მედალი მოიპოვეს. პარლამენტის წევრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გუნდის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, სკოლებსა და სასწავლო დაწესებულებებს ნიჭიერი და გონიერი ახალგაზრდების აღზრდისთვის. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს გოგონათა მეათე ოლიმპიადა ქუთაისში ჩატარდება, რაც მისივე შეფასებით, სამომავლოდ კარგ პერსპექტივებს იძლევა.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლე-ახალგაზრდების და მათი ხელმძღვანელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ერთ-ერთ წარმატებულ მოსწავლეს პარლამენტარიზმის ასი წლის იუბილესადმი დამზადებული მედალი, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადასცა.

„ძალიან გვიხარია, რომ ვხედავთ ამდენ წარმატებულ ადამიანს. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მდიდარი ტრადიციები ამ მიმართულებით – საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით და მიხარია, რომ ეს ტრადიცია გრძელდება. გვქონდა გარკვეული სირთულეები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა, აღდგა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია და ჩვენ გვყავს ამდენი წარმატებული ახალგაზრდა ამ მიმართულებით და ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს წარმატებებისთვის. თითოეული თქვენგანის წარმატება არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის წარმატება. ასევე, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პედაგოგებს – რომ არა მათი ძალისხმევა, ბუნებრივია, ეს წარმატებები იქნებოდა შეუძლებელი. ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს. კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა თქვენი ძალისხმევისთვის, წარმატებებისთვის. ყველას მინდა, გისურვოთ შემდგომი წარმატებები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიებაზე კომიტეტის წევრებმა 15 წარმატებულ მოსწავლეს, ახალგაზრდების გუნდს და სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, პარლამენტის სახელით, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები