“რა ელის მაღაზიის შენობაში განთავსებულ სკოლასა და 7 მოსწავლეს” – ჯგალში ახალი სასწავლებელი აშენდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში მალე მოსწავლეები ახალ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში ისწავლიან.
ჯგალში, კანთის დასახლებაში მდებარე საბაზისო სკოლა 2011 წელს გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა. როგორც სკოლის დირექტორი ჯღაკუ კვარაცხელია “კვირასთან” საუბარში აღნიშნავს, წინა ხელისფულებას არაერთხელ მიმართა, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ღია წერილიც გაუგზავნა, თუმცა ამაოდ. ხელისფლებამ სკოლის გარეშე დარჩენილ 7 მოსწავლეს, რომლებსაც დამწვარი შენობის გვერდით მაღაზიის შენობაში უწევდათ სწავლა, შეშის თანხაც არ გამოუყო. ნაქირავები ფართის საფასურს კი, პედაგოგები ორი წლის განმავლობაში საკუთარი ხელფასიდან იხდიდნენ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქირას წალენჯიხის რესურსცენტრი იხდის.
როგორც წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია “კვირასთან” განმარტავს, წინა ხელისუფლების პერიოდში, კანთის საბაზო სკოლას იმ კერძო პირის დავალიანება დაუგროვდა, რომლისგანაც სკოლის ფართი ჰქონდათ ქირით აღებული. აღნიშნული დავალიანება 2013 წლის დასაწყისიდან სრულად დაიფარა. სულ მალე კი სოფელს 60 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სკოლა ექნება.