“საქართველოს ბანკის” ორგანიზებით, ენერგეტიკის სფეროში კონფერენცია-რეფორმები გაიმართა

“საქართველოს ბანკის” ორგანიზებითა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციისა და პანელური დისკუსიის მთავარი თემა ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელის კონცეფცია და ინვესტიციების წახალისების მექანიზმები იყო. ეკონომისტებმა, ექსპერტებმა და დარგის სპეციალისტებმა ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი ცვლილებების მოსალოდნელი გავლენა ბაზრის მონაწილეებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმები და მათი გავლენა საინვესტიციო გარემოზე.
“საქართველოს ბანკის” ცნობით, ინფორმაციისთვის, „გალტ & თაგარტმა“ იანვარში საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის კვლევის შედეგები წარადგინა. სწორედ შედეგების პრეზენტაციაზე გაჩნდა იდეა, ჩატარებულიყო კიდევ ერთი კონფერენცია, სადაც მოხდებოდა კვლევაში ასახული პრობლემატიკისა და ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილი რეფორმების განხილვა.
„გვსურდა, ღიად გვესაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი ცვლილებები, მათი მოსალოდნელი გავლენა ბაზრის მონაწილეებზე. როგორია განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმები და ამ მიმართულებით საინვესტიციო გარემო. როგორც ქვეყნის წამყვანი ბანკისთვის, მნიშვნელოვანია, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ბიზნესის განვითარებას ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, “საქართველოს ბანკი” გასცემს 15-წლიან დაფინანსებას ე.წ. სტარტაპებზე დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე, საშეღავათო პირობებით (მშენებლობის პერიოდს + 6 თვე), ასევე, სესხის მოთხოვნისას ბანკი მომხმარებელს არ სთხოვს ელენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას“, – განაცხადა “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„გალტ & თაგარტის“ ენერგეტიკის სექტორის კვლევაში დეტალურად არის განხილული დარგის საკვანძო საკითხები – ელექტროენერგიის მოხმარებისა და გენერაციის ტენდენციები, იმპორტის დინამიკა, საექსპორტო ბაზრების პოტენციალი და სამომავლო პერსპექტივები. კვლევაში, ასევე, განხილულია დარგის ძირითადი პრობლემები, საუბარია მიმდინარე და მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებზე და მათ პოტენციურ შედეგებზე, რაც უკავშირდება საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების წევრობას და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას.
„გალტ & თაგარტის“ კვლევის მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება სწრაფი ტემპებით იზრდება და 2030 წლისთვის მისი გაორმაგებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის გარეშე, ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. აღსანიშნია, რომ საქართველოს აქვს ადგილობრივი გენერაციის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი. ამჟამად, მშენებლობისა და კვლევის სხვადასხვა ეტაპზე 150 პროექტია, რომელთა დადგმული სიმძლავრე 5.4 გვტ-ია. ამ პროექტების განხორცილებით საქართველო შეძლებს არა მარტო ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილებას, არამედ გახდება ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები