გუდაურის “გადასახედთან” ჩარჩენილი მანქანები უკვე თბილისისკენ მიემართებიან
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მხრიდან მომავალი სამგზავრო ავტობუსი, 10-მდე მსუბუქი ავტომანქანა და მგზავრები, რომლებიც გუდაურის “გადასახედთან” რამდენიმე საათის განმავლობაში თოვლის ნამქერში იყვნენ ჩარჩენილები, ამ დროისთვის, უკვე თბილისის მიმართულებით გადაადგილდებიან.
არსებული ინფორმაციით, ყველა მგზავრი თავს კარგად გრძნობს.
როგორც “კვირას” მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, მთელი დღის განმავლობაში, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფები, ასევე, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია. გზის პრობლემურ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ უზრუნველყო.
ვითარების რეგულირების პროცესში აქტიურად იყო ჩართული მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ასევე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები.
ამ დროისთვის, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს დაუყოვნებლივ დაიწყებს.