მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობა იწყება
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – შალვა კერესელიძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა – გიორგი ხოჯევანიშვილმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – ბესიკ ამირანაშვილმა სამოქმედო ტერიტორიებზე ტურიზმის კიდევ უფრო განვითარების ხელშესაწყობად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ ღონისძიებებს, რომლებიც მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის პოპულარიზაციას, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ჩამოსული დამთვალიერებლების რაოდენობის ზრდას ხელს შეუწყობს, უზრუნველყოფენ ტურისტების ინფორმირებას რეგიონების ღირსშესანიშნავი ისტორიულ-კულტურული ობიექტების შესახებ, მოაწყობენ ერთობლივ ტურებსა და ექსკურსიებს, ერთად იმსჯელებენ ტურიზმის სფეროში არსებული ინოვაციების რეგიონში დანერგვის გზებზე.
მემორანდუმის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტებისა და ტურიზმის სფეროში მოქმედი კომპანიების თანამშრომლობის ხელშეწყობა.
„მცხეთა-მთიანეთი, მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობიდან და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და საინტერესო რეგიონს წარმოადგენს. აქტიურად ვმუშაობთ, რათა არსებული პოტენციალი უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ და რეგიონში ტურისტული ნაკადის ზრდას ხელი შევუწყოთ. შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეებთან დაწყებული ურთიერთთანამშრომლობა ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ.