“თიბისიმ”, საერთაშორისო ორგანიზაცია Mckinsey-სთან ერთად, “ეჯაილ ტრანსფორმაცია” დაიწყო

“თიბისიმ”თანამედროვე და მოქნილი სისტემის, “ეჯაილის” დანერგვა დაიწყო. “ეჯაილი” მუშაობის ახლებური მეთოდია, რომელიც პროცესების გამარტივებას, ბიუროკრატიის შემცირებასა და ეფექტურობის გაზრდას გულისხმობს.
როგორც “კვირას” “თიბისი”-დან აცნობეს, “ეჯაილი” მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში ადაპტირებული მუშაობის თანამედროვე სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, საუკეთესო შედეგების მიღწევას. “ეჯაილის” მუშაობის პრინციპი ერთი პროექტის ირგვლივ სხვადასხვა კომპეტენციის თანამშრომლების გაერთიანებას, ამოცანაზე ფოკუსირებას და მეტ დამოუკიდებლობას გულისხმობს.
“თიბისის” გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, ბაზრის გაფართოებიდან გამომდინარე ბანკს უფრო ეფექტური და მოქნილი მუშაობის სისტემა სჭირდება.

„თიბისი” საკმაოდ სწრაფად იზრდება, უკვე შევედით უზბეკეთის ბაზარზე და, ამ გაფართოების ფონზე, უფრო ეფექტური და მოქნილი მუშაობის სისტემა გვჭირდებოდა. ამიტომ დავნერგეთ “ეჯაილი”. თუ იერარქიულ სისტემაში ბევრი ბიუროკრატიაა, ვფიქრობ, ამ ახალ სტრუქტურაზე გადასვლა მეტ თავისუფლებას მისცემს ჩვენს თანამშრომლებს და მათთვის სამუშაო პროცესი ბევრად საინტერესო გახდება”, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
“თიბისის” ცნობით, “ეჯაილ” სტრუქტურით მუშაობა სტანდარტული იერარქიული სისტემისგან განსხვავდება. დირექტორების, განყოფილებებისა და დეპარტამენტების ნაცვლად ლიგები, გუნდები, ლეგიონები და ცოდნის ცენტრები შეიქმნა.
“ლიგები განსაზღვრავენ ბიზნესმიმართულებას და ისინი “ეჯაილ” ორგანიზაციის ყველაზე დიდი სტრუქტურული ერთეულები არიან. როგორც წესი, ლიგა შედგება 50-150 ადამიანისგან. ლიგები იყოფიან გუნდებად.
გუნდი დამოუკიდებელი, თვითორგანიზებული ერთეულია, რომელიც იქმნება ერთი მიზნის მისაღწევად. ის შედგება, მაქსიმუმ, 9 წევრისგან. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში გაერთიანებული იყოს მიზნის მისაღწევად ყველა საჭირო კომპეტენციის მქონე პირი. სწორედ გუნდები ერთიანი ძალისხმევით ქმნიან იმ ბიზნესღირებულებას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მიღწევას.
ლეგიონი წარმოადგენს ერთი კომპეტენციის სპეციალისტების ჯგუფს, რომელიც შედგება 5-10 წევრისგან. ლეგიონი პასუხისმგებელია კონკრეტული კომპეტენციის შექმნასა და სტანდარტიზაციაზე. მისი წევრობა, იმავდროულად, გულისხმობს რომელიმე გუნდის წევრობას.
ლიგებისგან დამოუკიდებლად არსებობენ ცოდნის ცენტრები. მათი მთავარი ამოცანაა “ეჯაილ” ორგანიზაციის მხარდაჭერა კონკრეტული ექსპერტული ცოდნითა და გამოცდილებით, რომელიც არ ნაწილდება კონკრეტულ ლიგებსა და გუნდებში.
“ეჯაილ” სტრუქტურით მუშაობა “თი-ბი-სის” 500-მდე თანამშრომელმა უკვე დაიწყო. ეტაპობრივად, ტრანსფორმაცია მთელს კომპანიაში განხორციელდება”, – ნათქვამია “თიბისის”  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები