ზაურ დარგალი: ჩვენ უნდა დავდგეთ თითოეული მარნეულელის გვერდით, რათა ერთიანი ძალისხმევით ძლიერი მარნეული ავაშენოთ
ჩვენ უნდა დავდგეთ თითოეული მარნეულელის გვერდით, რათა ერთიანი ძალისხმევით უფრო ლამაზი და ძლიერი მარნეული ავაშენოთ, – ამ სიტყვებით დაიწყო “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მარნეულის მერობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა წინასაარჩევნო კამპანია. სახელისუფლებო კანდიდატი ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების – კირიხლოს, დაშთაფას, წითელ სოფლის, ზემო და ქვემო ყულარის მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინა.
ამასთან ზაურ დარგალმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და გამარჯვების შემთხვევაში, მათ მოგვარებას დაჰპირდა.
“ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მივიდეთ ყველა ოჯახში. ამ ეტაპზე ზოგად შეხვედრებს ვატარებთ, მაგრამ კარდაკარის პრინციპი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. კამპანიის ფარგლებში, ჩვენ აუცილებლად მივალთ ყველა ადამიანთან, რომ მოვისმინოთ მათი პრობლემები და დავდგეთ თითოეული მარნეულელის გვერდით, რათა ერთიანი ძალისხმევით ავაშენოთ უფრო ლამაზი და ძლიერი მარნეული. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, გამარჯვების შემთხვევაში, კონკრეტული გეგმებით ჩვენ შევასრულებთ ყველა დაპირებას”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.
როგორც ადგილობრივი სამაია გარაევა “კვირასთან” საუბრისას აღნიშნავს, ის ენდობა ზაურ დარგალს და სჯერა, რომ ის დაპირებებს აუცილებლად შეასრულებს.
“მე ამ საარჩევნო კამპანიამდეც ვიცნობდი ზაურ დარგალს და, ვენდობი ბატონ ზაურს, რადგან ის რასაც აქამდე დაგვპირდა შეასრულა. მე მისი იმედი მაქვს და მხარს ვუჭერ”, – ამბობს სამაია გარაევა.