გიორგი შენგელია: სოფელ ინგირში ახალი საბავშვო ბაღი და ამბულატორია აშენდება
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს ოირემესა და ინგირის მოსახლეობას შეხვდა. გიორგი(გეგა) შენგელიამ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.
“მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით, მოვედი იმისთვის, რომ სამომავლო გეგმები გაგაცნოთ და თქვენ საჭიროებებზე მესაუბროთ. თამადად შემიძლია გითხრათ, რომ თითოეული თეთრი თქვენს საჭიროებებს მოერგება და მიზნობრივად გაიხარჯება.
ვიცი, რომ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, რასაც ეტაპობრივად მოვაგვარებთ. მიმდინარე წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში უპრეცედენტო რაოდენობის თანხა იხარჯება სხვადასხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად და ამ ტემპს მომავალში გავზრდით.
ოირემეში შიდა გზები რეაბილიტირდება, მოეწყობა გარე განათებაც. გარკვეული პრობლემა აქვს საბავშვო ბაღსაც, რომელსაც აუცილებლად მოვაგვარებთ“, – განაცხადა ოირემეს მოსახლეობასთან შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა.
რაც შეეხება ინგირის მოსახლეობასთან შეხვედრას, გიორგი შენგელიამ განაცხადა, რომ ამ სოფელში ახალი საბავშვო ბაღი და ამბულატორია აშენდება.
“ინგირში აშენდება ახალი საბავშვო ბაღი, ვგეგმავთ N2 საჯარო სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობას, N8 და N15 საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წელს ინგირის მეორე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს”, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.
გიორგი შენგელია თხილის კულტურის გადარჩენის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული.
მერობის კანდიდატთან ერთად, შეხვედრებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაიაც იმყოფებოდა.