გარდაბანში გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადება ტყუილი აღმოჩნდა

რამდენიმე დღის წინ ,,ერთიანი ნაციონალური’’ მოძრაობის თავმჯდომარე გარდაბანს სტუმრობდა. გრიგოლ ვაშაძემ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და დაასკვნა, რომ ,,სახელმწიფო უპატრონოდ არის მიტოვებული’’, შესაბამისად ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები სამსახურს იმის გამო ვერ იწყებენ, რომ მათ ქართული ენა არ იციან. განცხადება ვაშაძემ სოფელ ქესალოში გააკეათა, რისი რეკლამირებაც ოპოზიციონერმა მედიასაშუალებებმა იკისრეს (ნეიტრალურად განწყობილ მედია საშუალებებს ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს უმალავენ).
შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის, რაც გრიგოლ ვაშაძემ ქვემო ქართლში სტუმრობის დროს თქვა, „კვირა“ ამის გადასამოწმებლად გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და დაინტერესდა, მუშაობენ თუ არა საჯარო სამსახურებში აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო ენას არ ფლობენ. აღმოჩნდა, რომ ასეთი მუნიციპალიტეტში ბევრია.
მათ შორის ერთ-ერთი გარდაბნის მერის მოადგილე, დუნიამალ გაჯიევია. მან საჯარო სამსახურში მუშაობა 2013 წელს ისე დაიწყო, რომ ქართული ენა არ იცოდა, თუმცა, როგორც „კვირასთან“ ინტერვიუში ამბობს, მისთვის ამ ფაქტს პრობლემა არ შეუქმნია. ქართული ენის შესწავლა 2014 წელს სახელმწიფო პროგრამით მოახერხა და დღეს ქართულად გამართულად საუბრობს.
„ბევრჯერ ვყოფილვარ საკონკურსო კომისიის წევრი, გასაუბრებაზე მოდიოდნენ პირები, რომლებიც ქართულ ენას არ ფლობდნენ, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. გარდაბნის მერიაში შემავალ სიპებში და აიპებში თითქმის ყველა სამსახურში მუშაობენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი პირები, რომლებმაც ქართული ენა არ იციან“, – ამბობს გაჯიევი.

საჯარო სამსახურებში დასაქმების დროს ქართული ენის არ ცოდნას პრობლემა არ შეუქმნია სოფელ ყარათაკლიას და სოფელ ახთაკლიის რწმუნებულებისთვის. ალახვერდ შამილოვმა საჯარო სამსახურში მუშაობა ექვსი თვის წინ ისე დაიწყო, რომ ქართული ენა არ იცოდა. სახელმწიფო ენას დღესაც არ ფლობს, თუმცა მუშაობა არ უჭირს. 
„თუ ადამიანი საკუთარი საქმის პროფესიონალია ის აზერბაიჯანულ ენაზეც გააკეთებს საქმეს“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას შამილოვი.


საჯარო სამსახურში ახალი დასაქმებულია მუზამფარ აბდულაევიც. სოფლის რწმუნებულად ის 2016 წლიდან მუშაობს. წერს და კითხულობს ქართულად, თუმცა სახელმწიფო ენაზე ლაპარაკი არ შეუძლია.
„გრიგოლ ვაშაძის განცხადება ჩემთვის მიუღებელია. ბევრ ჩემს თანამოქალქეს ვიცნობ, რომლებიც არ ფლობენ ქართულ ენას, მაგრამ მუშაობენ საჯარო სამსახურებში“, – ამბობს აბდულაევი.

სახელმწიფო ენის შესწავლა საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელისთვის ხელმისაწვდომი და უფასოა. ამისთვის კი მარტივი საფეხურების გავლაა საჭირო – აპლიკაციის შევსება და შემდეგ ტესტირების გავლა, ენის ცოდნის დონის შესამოწმებლად. სახელმწიფო ენის შემსწავლელ პროგრამას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2014 წლიდან ახორციელებს.

მაკა ომიაძე ჟვანიას სახელობის სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ხელმძღვანელია. ის გრიგოლ ვაშაძის განცხადებამ გაანაწყენა და უსამართლობის შეგრძნება დაუტოვა, მაკა ომიაძის თქმით, 2014 წლიდან დღემდე გარდაბნის მუნიციპალიტეტში 1018 პირი გადამზადდა. აქედან სოფელ ქესალოდან 196 პირი იყო, რომლებმაც ქართული ენის შესწავლის სურვილი გამოთქვეს.
„სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამები, რომ გაჩერებულია სოფელ ქესალოში, ეს არის დეზინფორმაცია. არცერთ წელს პროგრამას წყვეტა არ ჰქონია“, – აცხადებს ომიაძე „კვირასთან“ საუბარში.

სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსებს განათლების და მეცნიერების სამინისტროც ახორციელებს. მასწავლებეთა პროფესიული განვითარების ცენტრში ამბობენ, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლის კურსები 2009 წელს დაიწყო და ის ერთი დღეც არ შეჩერებულა.
„ის ინფორმაცია, რაც გაჟღერდა, იყო ძალიან საწყენი, მცდარი და დაუზუსტებელი. პროგრამა ერთი წუთით არ შეჩერებულა. გარდაბანში ამ ეტაპზე, 15 საჯარო სკოლაში 30 მასწავლებელია მივლენილი“, – განაცხადა „კვირასთან ინტერვიუში არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერმა, თამარ კეკელიძე.

რა მიზანი ამოძრავებდა რეალურად გრიგოლ ვაშაძეს, როდესაც ამ განცხადებას აკეთებდა, ეს მხოლოდ ვაშაძემ იცის. მთავარი კი ერთია, რომ ყველა მინუს ერთი ამბობს, რომ სახელმწიფო ენის შესწავლა საქართველოში წლებია მიმდინარეობს და იმ შემთხევშიც კი თუ პირმა ქართული ენა არ იცის, ის საჯარო სამსახურში მუშაობას მაინც დაიწყებს, ვინაიდან კანონი ამას არ კრძალავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები