საქართველოს პრემიერმინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა (ფოტოკოლაჟი)

“ბულგარეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”, – ამის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე, პოლიტიკურ თანამშრომლობასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივებზე.
პრეზიდენტმა რადევმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონი ბულგარეთისთვის პრიორიტეტულია და ქვეყანა მხარს დაუჭერს ყველა პროექტს, რომელიც შავი ზღვის საკომუნიკაციო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ათვისებას შეუწყობს ხელს.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ბულგარეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობის როლს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების უზრუნველყოფაში. მხარეებმა პოტენციურ პროექტებზე ისაუბრეს, რომელთა განხორციელება ამ კუთხით არსებული შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებას შეუწყობს ხელს.
ყურადღება გამახვილდა საბორნე მიმოსვლის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე, რაც საქართველოსა და ბულგარეთის საზღვაო პორტებს შორის კავშირებს განამტკიცებს.
ბულგარეთის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერმინისტრმა, ასევე, ორ ქვეყანას შორის ახალი ციფრული დერეფნის განვითარების შესაძლებლობა განიხილეს, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს.
საუბარი შეეხო რეგიონულ გამოწვევებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებსაც. ქართულმა მხარემ ბულგარეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე – ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ რუმენ რადევს ბულგარეთის პირველი კონსტიტუციის მიღების 140 წლის იუბილეც მიულოცა, რასაც რესპუბლიკა 16 აპრილს ზეიმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები