გიორგი გოგლიჩიძემ ძირულას სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მოსახლეობას გააცნო
ზესტაფონის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ის ძირულას ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ადგილობრივებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და მერად არჩევის შემთხვევაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.
ადგილობრივების განცხადებით, ძირულას ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს ძირითადად, გზის ინფრასტრუქტურის არარსებობა, ბონდის ხიდის მდგომარეობა და გაზიფიცირების პრობლემა აქვთ.
სოფლების მოსახლეობამ მერობის კანდიდატისგან ძირულას სხვადასხვა უბანში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიიღო ინფორმაცია. კერძოდ, განთიადსა და წევაში გზების რეაბილიტაციის თაობაზე, ასევე ისაუბრეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ. გიორგი გოგლიჩიძემ ადგილობრივებს მეტი ჩართულობისა და აქტიურობისკენ მოუწოდა.
“დღეს გვქონდა შეხვედრა ძირულაში. მოსახლეობა დიდი სითბოთი დაგვხვადა. წამოიჭრა ის საკითხები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს. თითოეული მათი პრობლემა იქნა ჩანიშნული. მე მათ ვესაუბრე, თუ რა ხედვები მაქვს. არჩევის შემთხვევაში, მეორე დღიდანვე დავიწყებ ამ საკითხებზე მუშაობას”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.