გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქების მომზადების ფაქტზე 7 პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქების მომზადების ფაქტზე 7 პირი დამნაშავედ ცნო. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისთვის დამნაშავედ ცნეს ბ.ბ., მ.ვ., ჯ.მ. და ვ.რ., სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის – საქართველოს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი – ლ.მ., დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის – ი.ბ., ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვის მცდელობაში დახმარებისთვის – ნ.ჭ.
როგორც “კვირას” პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ ბ.ბ.-მ, მ.ვ.-მ, ჯ.მ.-მ და ვ.მ.-მ დაგეგმეს და მოამზადეს საგურამოს მიმდებარედ, მდინარე არაგვზე გამავალი გაზის სატრანზიტო მილსადენის აფეთქება. ამ მიზნით, ბ.ბ.-მ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობები და, ჯ.მ.-სთან ერთად, ნ.ჭ.-ს დახმარებით, შეეცადა მათ გადაზიდვას. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი – ლ.მ., რომელმაც არ მოახდინა შესაბამისი რეაგირება დანაშაულის აღსაკვეთად, ასევე, საქმის კურსში იყო ი.ბ., რომელმაც მძიმე დანაშაულების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, სააპელაციო სასამართლომ ბ.ბ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 3231 მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა), ჯ.მ. 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19,3231 მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადება და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვის მცდელობა), მ.ვ.18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადება), ვ.რ. 25,18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებაში დახმარება), ნ.ჭ. 25,19,236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვის მცდელობაში დახმარება), ლ.მ. 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), ხოლო ი.ბ.376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა).
​სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბ.ბ. -ს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 14 წლით, ჯ.მ.-ს და მ.ვ.-ს 13 -13 წლით, ვ.რ.-ს 12 წლით, ნ.ჭ.-ს 7 წლით, ლ.მ.-ს 2 წლით, ხოლო ი.ბ. -ს 2 წლით, 1 თვით და 25 დღით აღკვეთა განესაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები