ვახტანგ ბერიძე: ხულოს მერობა პირადად ჩემთვის არ იქნება თანამდებობა, ვინაიდან ხულოში ყველაზე მთავარია, უყვარდე ხალხს
ხულოს მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი დღეს რაქვთის, ფუშრუკაულისა და ვერნების მოსახლეობას შეხვდა. ვახტანგ ბერიძემ შეხვედრაზე ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. სოფლის მაცხოვრებლებმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სახის პრობლემა დაასახელეს, მათ შორის – ბაღისა და სოფლის ცენტრალური გზის. ხულოს მერობის კანდიდატი, არჩევის შემთხვევაში, მოსახლეობას ამ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, თქვენთან რომ ვდგავარ, როგორც მერობის კანდიდატი და ვისმენ იმ პრობლემებს, რაც ხულოს მუნიციპალიტეტში გვხვდება. ჩვენ უნდა დავგეგმოთ ის ღონისძიებები, რომლებიც თქვენს პრობლემებს მოაგვარებს. მინდა გითხრათ, რომ ხულოს მერობა პირადად ჩემთვის არ იქნება თანამდებობა, ვინაიდან ხულოში ყველაზე მთავარია უყვარდე ხალხს. მე მადლობას ვუხდი მმართველ გუნდს, რომ მომცა ამის საშუალება და როცა ამოიწურება ვადა და აღარ ვიქნები მერი, უფრო მეტი სიყვარული მექნება თქვენი, ვიდრე დღეს. მე ვფიქრობ, ეს არის ღვთის წყალობა, საკუთარ მუნიციპალიტეტში ემსახურო საკუთარ ხალხს. ჩემთვის სამუშაო საათები არ იარსებებს, სულ თქვენს სამსახურში ვიქნები, რა თქმა უნდა, გამარჯვების შემთხვევაში. ამისთვის აუცილებლად დამჭირდება გვერდში თქვენი დგომა“, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.