ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია დაიწყო

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო – ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია დაიწყო. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი და, ჯამურად, რეაბილიტაცია 47-კილომეტრიან გზასა და 7 ხიდს ჩაუტარდება, დაიგება ასფალტ-ბეტონის 2-ზოლიანი საფარი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე სამობილიზაციო და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს, მაისიდან კი სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევა.
“ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.
აღნიშნული პროექტი ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, განავითაროს საოჯახო ბიზნესი, სასტუმროები და ტურიზმის მომსახურებისთვის საჭირო ბიზნესი აწარმოოს.
ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) აფინანსებს. პროექტის ჯამური ღირებულება 110 210 777 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება 2020 წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი”, – ნათქვამია საავტომობილო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები