გიორგი შენგელია ნაცატუს მოსახლეობას წყლის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად აგრძელებს. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, დღეს გიორგი (გეგა) შენგელია ნაცატუს მცხოვრებლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. როგორც გაირკვა, სოფელს წყლის პრობლემა აწუხებს. მერობის კანდიდატი ადგილობრივებს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.
“ჩვენ ვიმყოფებოდით საარჩევნო შეხვედრაზე სოფელ ნაცატუში. ადგილობრივებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც ვგეგმავთ ჩემი არჩევის შემთხვევაში. სოფელ ნაცატუში არსებობს წყლის პრობლემა. სწორედ, აქედან უნდა დაიწყოს ყველა პრობლემის მოგვარება, რამეთუ წყალი ოცდამეერთე საუკუნეში ყველაზე მნიშვნელოვანია და მსგავსი პრობლემა მოსახლეობას არ უნდა აწუხებდეს. ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ დღის წესრიგში. ასევე, ძალიან პრიორიტეტულია ამბულატორიის საკითხი როგორც ამ, ასევე სხვა სოფლებშიც. ჩვენ უკვე ვაშენებთ წელს 6 ახალ ამბულატორიას, ხოლო შვიდს ვარემონტებთ. ცხადია, ეს პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ ნაცატუში გამართულ შეხვედრაზე.