არის თუ არა ზუგდიდის უფასო სასადილოში კვების პრობლემა – სანდრა რულოვსის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ბენეფიციარები არ ეთანხმებიან

ტყუილი და სიცრუის ტირაჟირება, – ასე აფასებენ ზუგდიდის „ოცნების“ ოფისში “გაერთიანებული ოპოზიციის” მერობის კანდიდატის, სანდრა ელისაბედ რულოვსის შეხვედრას უფასო სასადილოში. “გაერთიანებული ოპოზიციის” მერობის კანდიდატი ბენეფიციარებს რამდენიმე დღის წინ შეხვდა და მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სასადილოში პრობლემებია. მისი განცხადებით, კვების უზრუნველყოფა გაჭირვებული ოჯახის ყველა წევრზე არ ხდება. თუმცა, „კვირასთან“ ინტერვიუში განსხვავებული პოზიცია გამოხატეს ბენეფიციარებმა. მათი თქმით, სასადილო უფასო კვებით ყველა მოქალაქეს აკმაყოფილებს, ვინც კი  მერიას მიმართავს, მომსახურებით კმაყოფილები არიან და პირობები სრულად აკმაყოფილებთ.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური განყოფილების უფროსმა, გოგი რევიამ „კვირასთან“ განაცხადა, ათეულ წელზე მეტია, რაც მათ მუნიციპალიტეტში არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც უმწეო კატეგორიის უფასო კვებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. დღეისათვის, მათ 250-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.

„კვების მენიუ ყოველდღიურად იცვლება. კალორიულობა დაცულია, ბენეფიციარები კმაყოფილები არიან. ჩვენ მიერ დამატებითი პროგრამებიც ხორციელდება, მათ შორის, ვაფინანსებთ ბენეფიციარების ტრანსპორტით მგზავრობას; სადღესასწაულო დღეებში კი, მაგალითად, ახალ წელსა და აღდგომას, მათ საკვები პროდუქტებით უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა რევიამ.

თავის მხრივ, სანდრა ელისაბედ რულოვსმა განაცხადა, რომ სასადილო კვირა დღეს არ მუშაობს, რაც პრობლემაა და, მერად მისი არჩევის შემთხვევაში, დაწესებულება ყოველდღიურად იმუშავებს. აღსანიშნია, რომ ზუგდიდში უფასო სასადილო, ჯერ კიდევ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გაიხსნა. დაწესებულება ხელისუფლებაში სააკაშვილის ყოფნის დროსაც არ მუშაობდა კვირა დღეს, თუმცა, მაშინ არც სანდრა ელისაბედ რულოვსსა და არც “გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენლებს უქმე დღეს სასადილოს დასვენების პრობლემა გახსენებიათ.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები